„ეკოვუდი“ სარემონტო და სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მიზანიც უნარჩენო წარმოებაა. როგორც „ეკოვუდის“ კოორპორატიული გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი, გიორგი სრესელი „კომერსანტის“ შემაჯამებელ ეთერში ამბობს, გლობალურ ბაზარზე ეკოპროდუქტების პოპულარიზაცია ბევრად ადრე დაიწყო, საქართველო კი ცდილობს, გარემოსთან შერწყმული პროდუქტებით ინტერიერისა და ექსტერიერის მოწყობას ფეხი აუწყოს. ამის მაგალითი ისიცაა, რომ ბოლო წლებია, ე.წ ასაწყობი ავეჯის ტენდენცია ძალიან პოპულარულია. მომხმარებლები ცდილობენ ეკომეგობრული ხის ავეჯი სახლში, ოჯახურ გარემოში ააწყონ და ეს ყველაფერი ხელოსნების ჩარევის გარეშე მოახერხონ.
„ბოლო წლებია, ძალიან პოპულარულია ტენდენცია, რომ ავეჯი შენი ხელით, ხელოსნის ჩართულობის გარეშე აკეთო. ჩვენი კონცეფცია ასეთია, რომ შევქმნათ პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი მცირე დოზით მაინც ბოლო სახეს მისცემს. ეს ეხება ლაქსაღებავებსა, ფერის დამუშავებასაც. პროდუქციები უკვე ისე იქმნება, რომ ე.წ გრუნტიც კი მარტივად მოსახმარია.
გლობალურ ბაზარზე, საქართველოსგან განსხვავებით ბევრად ადრე მოხდა ეკოპროდუქტების პოპულარიზაცია. ბევრად ადრე გადაწყვიტეს, რომ ეს ის მიმართულებაა, რომელიც განუყოფელი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების. სახლში, სადაც ცხოვრების ნახევარზე მეტს ვატარებთ, არ არის სასურველი ავეჯის აირიზაციისგან დაგროვილ სხვადასხვა ნაერთებს ვსუნთქავდეთ. დიზაინში სხვადასხვა ფაქტურისა და სტრუქტურის ხის გამოყენება ბევრი მიმართულებით შეიძლება, რასაც უპირატესობა აქვს, ერთი, რომ ვიზუალურად კარგ სურათს ვიღებთ, ასევე, სწორ გზაზე ვდგავართ, როცა სახლში ეკოსივრცეს ვქმნით. მიმდინარე მოვლენები და სამშენებლო სექტორში გაყიდვების კლება, რა თქმა უნდა, პრობლემაა, თუმცა თუ ადამიანს ჩანაფიქრი აქვს და უნდა, თავის საკუთრებაში რამე ცვლილება შეიტანოს, ამას დიდად ხელი არ ეშლება. თუ გლობალურ და დიდ ინვესტიციებზეა საუბარი, სადაც ინვესტორს დაგეგმილი აქვს, რომ ხის ჩართულობა მშენებლობის პროცესში მაქსიმალური უნდა იყოს, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი პრობლემაა“,- ამბობს სრესელი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ეკოვუდი“ გეგმავს, რომ პროდუქციის ასორტიმენტი კიდევ უფრო გაზარდოს.„მიმდინარე წლისთვის ჩვენი მთავარი აქცენტია, რომ მოთხოვნას და ბაზარს ვუსმინოთ, რა სჭირდება. მზაობა გვაქვს, რომ მომხმარებელს დახარჯული დრო და პროდუქციის ფასი შევუმციროთ. ეს ძალიან მცირე მარჟიანი ბიზნესია და შესაბამისად, მუდმივ მოძრაობას საჭიროებს, როგორც ფინანსების ისე ენერგიის კუთხითაც.
ვფიქრობთ, რომ როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის კუთხით ასორტიმენტს გავზრდით. ჩვენ უკვე 400-ზე მეტი სახეობის პროდუქცია გვაქვს და 30-ზე მეტი ხის მასალა. როცა ადამიანს რამე პროდუქტის შექმნა უნდა, მას პროდუქტის მრავალფეროვნება ეხმარება, რომ შეკვეთა სახლის ინტერიერს ან ექსტერიერს შეუთავსოს. კოტეჯების ან ხის სახლების მშენებლობა ჩვენი ბიზნესის ნაწილი არ არის, მაგრამ თუ რამე მასალის მიწოდებაა საჭირო, ჩვენთან ყველაფრის მიწოდება შეიძლება. ჩვენთან ბევრი კომპანია თანამშრომლობს, რომელთან ერთადაც საოცნებო ვიზუალს ვქმნით“,- აღნიშნა გიორგი სრესელმა “კომერსანტთან“ ინტერვიუში.