ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენ ვართ მოწმე თუ როგორ იყენებენ არადემოკრატიული ძალები ხელოვნურ დაბრკოლებებს რუმინეთში, რათა ადამიანებს ხელი შეუშალონ აირჩიონ ის ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც მათ ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია “ალიანსი რუმინელების ერთიანობისთვის” წევრის კალინ ჯორჯესკუს კანდიდატურის აკრძალვის შემდეგ ამავე პარტიის წევრის ჯორჯე სიმიონის კანდიდატურა დარეგისტრირდა. მიუხედავად ამისა, შეშფოთება რჩება მომავალ სამართლებრივ დაბრკოლებებთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რუმინეთში უპრეცედენტო პოლიტიკური კრიზისის ფონზე და სიმონის კანდიდატურის დადასტურება, როგორც ის თავად აცხადებს, არის რუმინეთის დემოკრატიული მთლიანობის ტესტი.
რუმინეთში მიმდინარე მოვლენებს პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი სოციალურ ქსელ „X“-ზე გამოეხმაურა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეჭვქვეშ დგება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები, როდესაც რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა არგუმენტებით, რომლებიც შემდეგ მცდარი აღმოჩნდა.
ეკა სეფაშვილი პარტია „ალიანსი რუმინელების ერთიანობისთვის“ წარმომადგენლების კანდიდატურის აკრძალვასაც ეხმიანება და წერს, რომ კალინ ჯორჯესკუს კანდიდატურის აკრძალვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შემაშფოთებელია. მისი თქმით, რუმინეთში დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები, 2025 წლის 4 მაისს.
„რუმინელი ხალხის არჩევანს ყველამ პატივი უნდა სცეს! სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვეა, ჩვენ ვართ მოწმე თუ როგორ იყენებენ არადემოკრატიული ძალები ხელოვნურ დაბრკოლებებს რუმინეთში, რათა ადამიანებს ხელი შეუშალონ აირჩიონ ის ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც მათ ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი ეჭვქვეშ დგას, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იმ არგუმენტების საფუძველზე, რომლებიც მოგვიანებით მცდარი აღმოჩნდა. შეშფოთება ჩნდება, როდესაც კალინ ჯორჯესკუს ეკრძალება მომავალ არჩევნებში მონაწილეობა და გავრცელებულია სპეკულაციები ჯორჯე სიმიონის კანდიდატურის პოტენციური აკრძალვის შესახებ. ასეთი ვითარება დემოკრატიული ნორმების, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობისადმი რუმინეთის ერთგულებასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.
ამიტომ, რუმინეთში დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, 2025 წლის 4 მაისს, პლურალიზმით და რუმინელი ხალხის არჩევანის პატივისცემით,“- წერს ეკა სეფაშვილი სოციალურ ქსელ „X-ზე“.