ბოლო ორ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ პარტიად რეგისტრაციაზე – ლევან ცუცქირიძე

„თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე პარტიის რეგისტრაციისას ხელისუფლებისგან შექმნილ პრობლემებზე საუბრობს – ცუცქირიძის განცხადებით, მათ ბოლო ორი თვის განმავლობაში ორჯერ მიიღეს უარი პარტიად რეგისტრაციაზე.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ რეგისტრაციაზე. ეს მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად ეშინია პრინციპულად ახალი პოლიტიკური პარტიების და იმ ახალი ადამიანების, რომლებიც პოლიტიკაში სუფთა წარსულით მოდიან; რომლებიც არიან თავისი საქმის მცოდნეები, პროფესიონალები; და რომლებიც არიან მზად, აიღონ საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩვენ არ ვეკუთვნით და არ ვართ დაკავშირებული არცერთ სახელისუფლებო გუნდთან. მოვდივართ სუფთა წარსულით და გვინდა, ამ ქვეყანაში შეიცვალოს არა მხოლოდ ის, თუ ვინ მართავს ქვეყანას, არამედ ასევე ის, თუ როგორ იმართება ეს ქვეყანა, როგორ კეთდება პოლიტიკა, შევცვალოთ, გავაუმჯობესოთ ის, თუ როგორ იმართება საერთოდ სახელმწიფო ამ ქვეყანაში“, – თქვა ლევან ცუცქირიძემ დღეს, 14 მაისს, პარლამენტის წინ, სადაც თანაგუნდელებთან ერთად მივიდა მედიისთვის განცხადების გასაკეთებლად.
ცუცქირიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ჩაატარებენ ახალ ყრილობას და „ოცნების“ ბიუროკრატიულ-ტექნიკური ხრიკები ვერ შეუშლით ხელს, რომ ძლიერ პარტიად განვითარდნენ. მან თანამოაზრეებს მოუწოდა, დარეგისტრირდნენ დელეგატებად და მხარი დაუჭირონ პარტიას.
“ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო ვერ შეიქმნება ძლიერი და დამოუკიდებელი პარტიების გარეშე, მაგრამ ძლიერი და დამოუკიდებელი პარტიები ვერ შეიქმნება თქვენ გარეშე, საზოგადოების გარეშე”, – თქვა ლევან ცუცქირიძემ და მოქალაქეებს მოუწოდა, დარეგისტრირდნენ დელეგატებად.
მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” ლევან ცუცქირიძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დააარსა – 2024 წლის არჩევნებში “მოედანი” “ლელოს” ირგვლივ შექმნილი კოალიციის წევრი იყო. “თავისუფლების მოედნის” მსგავსად, რეგისტრაციისას პრობლემებზე საუბრობენ სხვა პოლიტიკური გაერთიანებები და ყოფილი საჯარო მოხელეების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
ფორუმი