იანვარ – თებერვალში, (გუდაურს თუ არ ჩავთვლით) შარშანდელთან შედარებით პრინციპში განულებულია აქტივობა, – ამის შესახებ BM.GE-სთან ტურისტული კომპანიის “ტრეფიკ თრეველი” წარმომადგენელმა, ცოტნე ჯაფარიძემ ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ოთხივე სეზონზე მუშაობს და შემომყვანი ტურიზმითაა დაკავებული. ზამთარში ამ დროისთვის ძირითადად გუდაურის მიმართულებაა აქტიური, რომელზედაც მოთხოვნა სპარსეთის ყურის ქვეყნებში მცხოვრები ევროპელი ტურისტებისგან მოდის, როგორიცაა დუბაი, კატარი და ა.შ.
ამას თუ არ ჩავთვლით, ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, რომ ბაზარი ფაქტობრივად გაჩერებულია და მოთხოვნა აღარ არის.
„იანვარი-თებერვალი რომ ავიღოთ და გუდაურს თუ გამოვრიცხავთ, შარშანდელთან შედარებით პრინციპში განულებულია აქტივობა. ანუ სრული ვარდნაა. მომდევნო პერიოდს რაც ეხება, წესით ახლა ის პერიოდია, როდესაც წინასწარი ჯავშნები უნდა მოდიოდეს, მაგრამ წინასწარი ჯავშნები არ გვაქვს.
გავიხედოთ ქვეყანაში, როგორია ქვეყნის პოლიტიკური კურსი და როგორ ვართ მტერ სახელმწიფო რუსეთზე მიბმული. შესაბამისად, ეს პირდაპირ აისახება ტურიზმზე, რადგან მგრძნობიარე სფეროა. მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, შესაბამისად კონკურენცია მაღალია. ამიტომ, რატომ წავლენ იმ ქვეყანაში, რომელიც პრორუსულია და რუსეთს ეხმარება სანქციების არიდებაში, სანქცირებული ტვირთის გადატანაში. ეს მძიმე პოლიტიკური ვითარება პირდაპირ ასახვას პოვებს ქვეყნის ეკონომიკაზე და მის ქვე სფეროზე, ტურიზმზე“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, ქვეყანაში სიტუაცია ასე თუ გაგრძელდა, სიტუაცია სწრაფად ვერ შეიცვლება. ხოლო რეპუტაციის აღდგენას, საკმაოდ დიდი პერიოდი დასჭირდება. ის დასძენს, რომ ყველაზე ოპტიმისტური გადმოსახედიდანაც, მიმდინარე წელი ტურიზმისთვის ჩავარდნილია.
