„შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს“ – ასე პასუხობს კვლევითი ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველი ნიკოლოზ არავიძე „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვას, აშშ-ჩინეთს შორის „სავაჭრო ომმა“შესაძლოა თუ არა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი დააჩქაროს.
თუმცა, ერთია შესაძლებლობა და მეორე რამდენად მოხდება ამის გამოყენება. ამ ნაწილში საუბრისას არავიძე ყურადღებას ამახვილებს ანაკლიის პორტის მიმართ მხარეების ინტერესსა და პოლიტიკურ გამოწვევებზე. მისი თქმით, საჭიროა მაღალი დიპლომატიური ჩართულობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ანაკლიის პროექტმა გაამართლოს.
„ის პროცესი, რომელიც ჩინეთს აქვს დაწყებული და რომელიც აბრეშუმის გზის პროექტიდან გარდაიქმნა „სარტყელი და გზის“ პროექტში, არ არის დიდად მოწონებული და ფასდება როგორც საფრთხე აშშ-სა და სხვა პარტნიორების მხრიდან. ახლა შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს მოცემულობა. პირველ რიგში, ანაკლია იქნება თუ სხვა პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოხდეს რისკების საფუძვლიანი შეფასება და პროცესებში როგორც დიპლომატიის, ისე ბიზნესის ჩართვა, რათა პროექტში კაპიტალის სწორად მოზიდვა და დაგეგმარება მოხდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ პორტი, ტვირთები თავისით ვერ გაჩნდება, უნდა შემოვიდეს რეგიონში, რეგიონში ხვდება სარკინიგზო გზითა და ხმელეთით გადატანა. ამ ნაწილში პროცესებს სჭირდება ორგანიზება – უნდა დამუშავდეს საკითხი იმ ქვეყნებთან ერთად, რომელთა ტერიტორია უნდა გაიაროს ჩინეთიდან ამ ტვირთმა, რომ ჩვენი „ჰაბის“ ტერიტორიაზე დასაწყობდეს და აქედან გავიდეს იმ ქვეყნებში, სადაც ჩინური პროდუქცია მნიშვნელოვანი და ვერ ჩანაცვლებადია. ეს არის თურქეთი, ევროპის ქვეყნები და ა.შ“, – აღნიშნავს არავიძე.
ამასთანავე, არავიძე აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის გარდა, ქვეყანაში მოსაწესრიგებელია ლოჯისტიკური ნაწილი, რათა პორტის ამოქმედების შემთხვევაში ტვირთების სწრაფი და უპრობლემო მიწოდება განხორციელდეს.
„გვჭირდება ლოჯისტიკის ისე განვითარება, რომ დაგროვებული ტვირთი სწრაფად მივაწოდოთ ბაზრებს, რაც მოითხოვს ლოჯისტიკური მართვის ცენტრების ჩამოყალიბებას, რაც სადღეგრძელოს დონეზეც კი არ არის. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც გეოგრაფიული მდებარეობით გაგვაჩნია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას სჭირდება მაღალი დიპლომატიური ძალისხმევა, მუშაობა სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, მხარეებთან მაღალკვალიფიციური მოლაპარაკებების წარმოება“, – დასძინა რესპონდენტმა.
არავიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარეობს, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და მსოფლიო გამოწვევების ფონზე დაკარგულია. ამ ვითარებაში კი მნიშვნელოვანია მაღალი დიპლომატიური ჩართულობა და პროაქტიული მუშაობა იმისთვის, რომ საქართველოს ნიშა შენარჩუნებულ იქნას.
„ჩვენ გვესმის, რომ დედამიწაზე ორ უმსხვილეს სახელმწიფოთა შორის დაპირისპირება არის, მაგრამ ამ ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა გამოვიყენოთ და ნიშა შევინარჩუნოთ. სამწუხაროდ, ბოლო მოვლენებით, ჩვენ დავკარგეთ როგორც დასავლეთთან, ისე ჩინეთთან ჩვენი ნიშა. ჩვენი წამყვანი პოზიცია მოლაპარაკებებში შესუსტებულია, არ ვართ მომგებიან მდგომარეობაში და იმედია, რომ მოწესრიგდება ყველაფერი, მალე გამოვალთ მდგომარეობიდან, მოვუსმენთ ერთმანეთს, გავერკვევით, „გლობალური ომის პარტიებსა“ და „მასონებთან“ ბრძოლას თავს დავანებებთ და პრაგმატულ, რეალურ პოლიტიკას დავუბრუნდებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ნიკოლოზ არავიძემ.
შეგახსენებთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში მსხვილი ევროპული კომპანია Jan De Nul N.V. შეირჩა, რომელმაც წინადადება წარმოადგინა კონსორციუმის სახით. Jan De Nul N.V. ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის პროექტირებასა და სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს.
13 დეკემბერს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთანავე, ადგილზე ხორციელდება გეოლოგიურ-გეოტექნიკური კვლევები, ტალღმტეხელისთვის საჭირო ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების შეტანა, უკვე მოწყო ე.წ. „X-block”-ის წარმოების პოლიგონი და ა.შ. ცნობისთვის, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ ანაკლიის პორტი პირველ გემს 2028 წელს მიიღებს.
bpn.ge
