„ასე ჩანს, ბევრს აღარ მოუნდება თქვენთან ერთად სიარული. ნუ გაიკვირვებთ, ნუ განაწყენდებით“, – ამ სიტყვებით მიმართავს ყოფილი ბანკირი და მენეჯერი ნიკოლოზ შურღაია პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს მას შემდეგ რაც პრემიერმა განაცხადა, რომ „გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს“.
„ბატონო ირაკლი,
მხოლოდ გერმანიის ელჩმა არ თქვა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველომ ევროპული კურსიდან გადაუხვია. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზუსტად იგივე თქვა დღეს. სხვა ლიდერებიც ამბობენ. ქცევითაც გვაგრძნობინებენ მალე. საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერები დიდი ხანია გთხოვდნენ არ ქნაო…
თქვენ ქვეყანა და ხალხის ბედი გაქვთ მონდობილი. თქვენი ქმედების შედეგები თითოეულ ჩვენგანზე აისახება. შუშის სასახლის ბინადარს რა ენაღვლება. იმდენი ფული აქვს მთელი ცხოვრება ეყოფა, თუ ქვეყნის მართვის აზარტს დაიოკებს. მასზე კი არა, ჩვენზე ზრუნვა გაბარიათ კონსტიტუციის და უფლის წინაშე.
ასე ჩანს, გგონიათ, რომ ჩინეთს, რუსეთს, აშშ-ს და ევროკავშირს ერთ სიბრტყეში დააყენებთ და ასე მიაღწევთ წარმატებას ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის. ძალიან მცდარი მგონია ეგ მოსაზრება. ამასთან, პირადი ინტერესის და ანგარების ნიშნები აქვს ამ ყველაფერს. დაუშვებელია ასეთი არჩევანი სულიერი, კულტურული, დემოგრაფიული და სხვა ფუნდამენტური ფაქტორების გაუთვალისწინებლად გაკეთდეს. „არა მხოლოდ პურითა ერთითა”.
ასე ჩანს, ბევრს აღარ მოუნდება თქვენთან ერთად სიარული. ნუ გაიკვირვებთ, ნუ განაწყენდებით. ეს არის ე.წ. პრაგმატული და ზოგიერთი თვალსაზრისით სულგამოცლილი პოლიტიკის შედეგი. სამაგიეროდ, ბოლო კვირებში ჩრდილოეთში გამოგიჩნდნენ ქომაგები. რასაც დასთესავთ, იმას მოიმკით“, – განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.