რა გამოწვევების წინაშე დგას სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია და გამოსავლის რა გზები არსებობს – “ბიზნესპარტნიორი” “ჰოტეილერს”, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ბიზნეს პარტნიორს ჯულია მგელაძეს ესაუბრა.
“ჰოტეილერის” განცხადებით, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, ძალიან სენსიტიურია ნებისმიერი მოვლენის მიმართ – დაწყებული სეზონურობიდან, დასრულებული პოლიტიკური მოვლენებით. შესაბამისად, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, აღნიშნულ სფეროზე განსაკუთრებულად აისახა.
მისი თქმით, განთავსებისა და კვების ობიექტები აღნიშნავენ საგრძნობ კლებას და სეგმენტის ცვლილებას.
“სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა უკვე არ არის საოცნებო ადგილი მოგზაურობისათვის, რადგან ბევრი ტურისტი ადგილმდებარეობას ირჩევს უსაფრთხოების თვალსაზრისით და შემდგომ აკვირდება სხვა ფაქტორებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 50%-მდე შემცირდა მოთხოვნა შიდა ფრენებზე და 60%-მდე შემცირდა ჯავშნები საქმიანი ტურიზმის მიმართულებით. ადგილობრივი კომპანიების მხრიდან გაუქმდა დაგეგმილი კორპორატიული ღონისძიებები, ასევე საგრძნობლად იკლო მოთხოვნებმა 2025 წლის გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონზე.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სფერო ახალი წლის პერიოდს ელოდება, მათ შორის, დედაქალაქის სასტუმროები, ასევე რეგიონში არსებული განთავსების ობიექტები, ხელოვანი ადამიანები, თუ სხვადასხვა ღონისძიების დამგეგმავი ორგანიზაციები, რომლებსაც ფაქტობრივად, გეგმების სრულიად შეცვლა მოუწიათ. ჩემი დაკვირვებით საქართველოს მიმართულებით ძალიან იკლო ევროპელი ტურისტების ნაკადებმა. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ დაზარალდნენ განთავსების ობიექტები, ვისაც მოვლენების ეპიცენტრში აქვს ლოკაცია, შემდეგ კი უკვე ტუროპერატორები, ვისაც გაუჭირდა ლოჯისტიკის თვალსაზრისით ტურისტების ადგილამდე მიყვანა და უფრო მეტიც ქალაქის ტურის ჩატარება თბილისის ცენტრალური ქუჩების, თუ ძველი თბილისის მიმართულებით.
თუ ქვეყანაში არ იქნება ხარისხიანი მოგზაური, არ დაიტვირთება მაღალი კლასის სასტუმროები, ასევე ძალიან დაეტყობა ეს საკითხი კვების ობიექტებს, სხვადასხვა გასართობ ობიექტებსა თუ სავაჭრო ცენტრებს. ყოველივე ზემოთ ხსენებული იმოქმედებს ავიაკომპანიებზეც, რომლებიც ჯერ დაიწყებენ ფრენების განრიგის შეცვლით, ხოლო ბოლოს კი შეიძლება ლოკაციის გაუქმებაზეც დაფიქრდნენ, რაც ძალიან უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე”, – აცხადებს ჯულია მგელაძე.
რაც შეეხება ზამთრის კურორტებს – ჰოტელიერის შეფასებით, ზამთრის კურორტებზე შეცვლილია სეგმენტი და იქ სადაც საფასო პოლიტიკამ არ განიცადა სრული ტრანსფორმაცია ადგილობრივების მოსაზიდად ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ასევე შემცირებულია ნაკადები.
გარდა ამისა ჯულია მგელაძე კადრების დეფიციტზე საუბრობს. მისი შეფასებით, ძალიან გართულდა კომპეტენტური კადრების მოძიება და ასევე, საინტერესო და პროდუქტიული სამუშაო გარემოს შექმნა.
“ზამთრის კურორტებზე ასევე, გაჩნდა დამატებითი სირთულეები კადრების მოზიდვის თვალსაზრისით. სტუდენტებს ძირითადად, სეზონურ სამუშაოზე იწვევენ. ქვეყანაში არსებული მოვლენებიდან გამომდინარე, სტუდენტები არ გამოხატავდნენ ინტერესს დასაქმების კუთხით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მომხმარებლები შეფერხებული სერვისის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.
სეგმენტის ცვლილება იგრძნობა არა მარტო ტურიზმის სექტორში, არამედ სავაჭრო ობიექტებზეც, უძრავი ქონების ბიზნესში. ადამიანები სიფრთხილით ხარჯავენ რესურსებს, რადგან არავინ იცის ხვალინდელი დღის პროგნოზი, არავის აქვს უსაფრთხოების გარანტიები. ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, გლობალურად ბევრი კონფლიქტური კერები გაჩნდა და უფრო მეტიც, სეზონური ვირუსებისა თუ პანდემიის გათვალისწინებით ხალხის უდიდესი ნაწილი ორიენტირებულია დანაზოგებზე, ეგრეთწოდებულ Cost Saving-ზე.
პანდემიამდე, ზოგადად ტურიზმის სფერო და კონკრეტულად სასტუმრო ინდუსტრია, დასაქმების კუთხით ერთ-ერთი პრესტიჟული მიმართულება გახლდათ. დღევანდელ რეალობაში სურათი სრულიად შეიცვალა. ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები ადვილად გადავიდნენ სხვა სექტორებში, იქ სადაც პრიორიტეტი იყო ხარისხიანი სერვისი და დატრენინგებული კადრები. ძალიან გართულდა კომპეტენტური კადრების მოძიება, საინტერესო და პროდუქტიული სამუშაო გარემოს შექმნა დამსაქმებლისა თუ დასაქმებულის მხრიდან, რადგან სფერომ დაკარგა ღირებულებები და პროფესიონალ კადრებსაც კი გაუჭირდათ სფეროში თავის დამკვიდრება თუ დაგროვილი გამოცდილების გამოყენება, შესაფერისი ანაზღაურების სანაცვლოდ.
ინვესტორისათვის თუ დამსაქმებლისათვის ფაქტობრივად რთულია გარანტირებულ მოგებაზე საუბარი, რადგან სექტორში არსებული პრობლემებისა და დაბალი დატვირთულობის გამო უჭირთ ხარჯების დაფარვა. შესაბამისად, ცდილობენ, რომ “იაფი მუშახელი” მოიზიდონ, რაც სრულიად ინდუსტრიის პრესტიჟზე მოქმედებს და ცალსახად ხარისხიან სერვისზე. არაპროგნოზირებადი, არასტაბილური ბიზნეს გარემო კი პარტნიორებისათვის ობიექტების მიმართ არასანდოობას იწვევს. ეკონომისტები ნებისმიერ ბიზნეს ურთიერთობას იკვლევენ მყიდველსა და გამყიდველს შორის ურთიერთობის შედეგად. და ასევე ბაზარებსაც განსაზღვრავენ მოთხოვნა – მიწოდების თვალსაზრისით, ამიტომ შემცირდა მოთხოვნა, ამ ყოველივემ კი მიწოდების ხარისხზეც იმოქმედა”, – აცხადებს ჯულია მგელაძე.
ჰოტელიერის ინფორმაციით, საქართველოს სჭირდება ისეთი ტურისტები, რომლებიც მოგზაურობის დროს თანხებს არ ზოგავენ.
“საქართველოში ძალიან კარგად მუშაობდა საქმიანი ტურიზმი, რომელიც ახლა ფაქტობრივად მოთხოვნების დეფიციტს განიცდის. ახალი ბაზრების მოსაზიდად გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორები: პირდაპირი ფრენები, ინფრასტრუქტურა როგორც ქალაქში, ასევე რეგიონებში, კვალიფიციური კადრები და ხარისხიანი სერვისი, უსაფრთხოების გარანტიები, სერვისების მრავალფეროვნება. ასევე, დასახვეწი და გასავითარებელია სამედიცინო ტურიზმი, ეკო ტურიზმი, კონკრეტული შეთავაზებები ველნესის მიმართულებით. ჩვენს ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი ყველა მიმართულებით. გააჩნია რა მიზანი ან ჩანაფიქრი აქვს კონკრეტულ ბიზნესს.
თუ ჩვენი ჩანაფიქრია ქვეყნის კულტურის პოპულარიზაცია, ცალსახად გვჭირდება ევროპული ბაზარი, თუ ჩვენი მთავარი მიზანია, მხოლოდ თანხების შემოდინება, მაშინ გალფის ქვეყნებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ისეთ ბაზრებზე, რომლებიც მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე მოგზაურობენ და შეგვიძლია ცალსახად ტურისტული ნაკადები მოვიზიდოთ. ასევე შეგვიძლია მოვიზიდოთ მეტი მოგზაური: ახალი ზელანდიიდან, ტაილანდიდან, სინგაპურიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, შვეიცარიიდან, თუ აშშ -დან. ოპტიმისტურად მინდა შევხედო ყველაფერს, რადგან ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ბევრ ბერდნიერ მოგზაურს და საერთაშორისო დონეზე აღიარებას, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ლოკაცია”, – აღნიშნავს ჰოტელიერი.
რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის პერსპექტივასა და მოლოდინებს – ჯულია მგელაძე აღნიშნავს, რომ აქტიური მუშაობის და ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობის დასტაბილურებით, პარტნიორებში სანდოობის დაბრუნებას 6-დან 8 თვემდე დასჭირდება.
“ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობის გაჯანსაღება დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე – თუ ჩვენს ქვეყანაში იქნება სტაბილურობა და შეიქმნება ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარების პერსპექტივა, თუ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობა იქნება უსაფრთხო ყველა ტურისტისთვის, ძალიან აქტიური მუშაობით, ქვეყნის პოპულარიზაციისათვის რიგი კამპანიებით, თემატური და გლობალური ღონისძიებებით, ასევე, ტურიზმში დასაქმებული ადამიანების უდიდესი ძალისხმევით 6-დან 8 თვემდე იქნება საჭირო პარტნიორებთან ისევ მოვიპოვოთ სანდოობა და მოვიზიდოთ აქტიურად ახალი მოთხოვნები.
თუ ქვეყანაში არ იქნება სტაბილური გარემო, სანახავი ლოკაციები იქნება ჩახერგილი, არ იქნება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და სერვისის მიწოდების ხარისხი არ გაუმჯობესდება ყველანაირი ბიზნესი დაზარალდება. ვფიქრობ, კომპლექსური მიდგომებია საჭირო და ამ მიმართულებით განათლებაც უნდა მიიღონ ადამიანებმა, რადგან პრაქტიკული სწავლება სინქრონში განათლებასთან და ტრენინგებთან ერთად საუკეთესო შედეგს იძლევა.
არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი არის სექტორში სწორი რეფორმების გატარება, არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, ქვეყნის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, ტურიზმის სექტორისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება და ა.შ. გარდა ამისა, სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორს შორის სინქრონული და ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბება, ადამიანების პოზიტიური განწყობა, ბიზნეს გარანტიები, ხელშეწყობა და ბენეფიტები ტურიზმის სფეროსადმი, მეტი მოქნილობა, ახალი პროექტები, ბიზნეს წახალისება და სტიმულები. უნდა მოხდეს ქვეყანაში არსებული თითოეული ადამიანის თუ ტურისტის უფლებისა და უსაფრთხოების დაცვა”, – აცხადებს ჯულია მგელაძე.
bp.ge