ბოლო ერთ წელში ჟურნალისტებზე ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნის 400-მდე შემთხვევა აღირიცხა – TI

პროევროპული პროტესტის ერთწლიან პერიოდში ჟურნალისტებზე ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და პროფესიულ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ხელშეშლის 400-მდე საჯარო შემთხვევა აღრიცხა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI). ორგანიზაციის ინფორმაციით, 300-მდე შემთხვევა იყო 2025 წელს, პირველი 100 კი 2024 წლის ბოლო ერთ თვეში დაფიქსირდა.
· ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე;
“ერთწლიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების გაშუქებისას, მიზანმიმართული ფიზიკური თავდასხმების, ცრემლსადენი აირის სპრეისა და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად, მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათეულობით ჟურნალისტსა და ოპერატორს. ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ დაშინებას, დამცირებასა და დისკრედიტაციას. გარდა ამისა, საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ტექნიკა დაუზიანეს ან/და ჩამოართვეს არაერთ ჟურნალისტს”, – ვკითხულობთ TI-ის განცხადებაში.
ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არცერთი შემთხვევა არ არის გამოძიებული. TI-ის შეფასებით, სამართალდამცავი სტრუქტურები აშკარა გულგრილობას იჩენენ ამ საქმეების მიმართ, რაც “ამყარებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მსგავსი დანაშაულების პრევენცია, ჯეროვანი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ინტერესში არ არის და ეს კანონგარეშე ქმედებები სწორედ ხელისუფლების ორგანიზებული იყო.
· ჟურნალისტების უკანონო დაკავება
TI-ის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელში 26 ჟურნალისტი დააკავეს, მათგან ნახევარზე მეტი კი ბოლო ერთ თვეში – ადმინისტრაციული წესით.
“განსაკუთრებით საგანგაშოა 2025 წლის იანვარში, ონლაინგამოცემების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი წესით უკანონოდ დაკავება და მისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯა. აღსანიშნავია, რომ პატიმრობაში ამაღლობელს ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეერყა. უფლებადამცველების განცხადებით, მისი მხედველობა “საგანგაშო ნიშნულზეა”. ჟურნალისტების მასობრივი დაკავება და მათი ამ ფორმით დევნა “ქართული ოცნების” იმ რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და სრულად გაქრობაა”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
· ჟურნალისტების უკანონო დაჯარიმება
ორგანიზაციამ პროტესტის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების დაჯარიმების 40-მდე შემთხვევა აღრიცხა.
“აშკარაა, რომ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან ჟურნალისტური საქმიანობის, როგორც ფაქტის უგულებელყოფა და პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის მედიის წარმომადგენლების სოლიდური თანხებით დაჯარიმება, ჟურნალისტების დაშინებისა და სულ უფრო მეტად შევიწროების მიზანს ემსახურება, რათა საბოლო ჯამში, მათთვის დამატებითი ფინანსური წნეხი პროფესიაზე უარის თქმის წინაპირობა გახდეს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
TI-ში აღნიშნავენ იმასაც, რომ “კრიტიკული მედიისთვის შექმნილ მრავალმხრივ მტრულ გარემოს, თან სდევდა სხვადასხვა რეპრესიული კანონით მათი საქმიანობის კიდევ უფრო შეზღუდვაც, იქნებოდა ეს კომუნიკაციების კომისიის მაკონტროლებელი როლის კიდევ უფრო გაზრდა, მათ წინააღმდეგ ე.წ. SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ) სარჩელები, თუ დაფინანსების წყაროების გადაკეტვა”.
“მიუხედავად ამისა, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია ერთგულად დგას ხალხის სამსახურში და სრულყოფილად ახდენს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აფასებს დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის როლსა და მნიშვნელობას ქვეყნისთვის ამ რთულ ვითარებაში და მადლობას უხდის თითოეულ მათგანს დაუღალავი შრომისა და პროფესიული საქმიანობისადმი ერთგულებისთვის. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომლის მთავარი გარანტიც ხელისუფლების გავლენებისგან დამოუკიდებელი მედიაა. ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი მედია დღეს განადგურების საფრთხის წინაშეა. დამოუკიდებელი მედიის გაქრობა საბოლოოდ დაასრულებს ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას და ქვეყანას დიქტატორული მმართველობის რელსებზე გადაიყვანს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.