ბოლო ერთ თვეში 3 თანამშრომელი გადავიდა უცხოურ კომპანიაში, საზღვარგარეთ – ინტერვიუ თინათინ რუხაძესთან

საკონსულტაციო კომპანია ACT-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი თინათინ რუხაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო, ACT, რომელიც უკვე 35 ქვეყანაშია, ცდილობს, საკუთარი განვითარების სტრატეგია საერთაშორისო ბაზრებისკენ მიმართოს. „მოლოდინის რეჟიმში ყოფნა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ იჯდე და ელოდო, როდის დაგეცემა რაღაც?! ბიზნესებმა სიცოცხლისუნარიანობა ხომ უნდა შევინარჩუნოთ?! ჩვენ სტრატეგიად იქცა დივერსიფიკაცია პროდუქტების და ქვეყნების დონეზე“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ BMGTV-ს გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
– სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებიც, ბიზნესმენები BMG-თან ინტერვიუებში ჰყვებიან, რომ რადგან საქართველოში გარემო არასტაბილურია, გადაწყვიტეს 2025 წელი საზღვარგარეთ გაფართოებას დაუთმონ…
– აღსანიშნავია, რომ სხვა ბიზნესებისგან განსხვავებით, ACT საკონსულტაციო ბიზნესია და ინტელექტის ექსპორტს ვაკეთებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ თანხები საქართველოში შემოვა, მაგრამ ის ბიზნესი, ვინც თავის კაპიტალს გარეთ გაიტანს, ფულთან ერთად მას გაჰყვება ინტელექტუალური რესურსიც; დაიცლება ქვეყანა. არ მინდა, თქვენი მსმენელი და მაყურებელი შევაშინო, მაგრამ რეალობა მწვავეა – ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კრიზისი მოდის, ამიტომ ბიზნესი ყოველთვის გადარჩენის გზას ეძებს, რაც გლობალიზაციის პირობებში შესაძლებელია, მაგრამ ამაში ქვეყნისთვის კარგი რა იქნება, არ ვიცი…
– საქართველოში ადამიანური კაპიტალი სულ გამოწვევა იყო. თუ პოლიტიკური კრიზისი არ დასრულდა და საგარეო კურსი ქვეყანამ საბოლოოდ შეიცვალა, რამდენად დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით?
– ადამიანური რესურსი გადინება ხომ აქამდეც იყო, მაგრამ მაშინ ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ დამსაქმებლები თანამშრომლებს ვერ აძლევდნენ ისეთ ეკონომიკურ შეთავაზებას, რომელიც მათ დატოვებდა [სამსახურში]… ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენგან სამი თანამშრომელი გადავიდა უცხოურ კომპანიაში, საზღვარგარეთ ან უცხოურის წარმომადგენლობაში იმ პირობით, რომ 1 წლის შემდეგ საზღვარგარეთ გადავა… დღესაც [ACT-ის} სამზარეულოში ღიად საუბრობდნენ თანამშრომლები, რომ თუ აქ არაფერი შეიცვალა, უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან. ჩემთანაც არ ერიდებათ, რადგან ძალიან მესმის რაზეა საუბარი… დღეს თუ რამე აკავებთ ახალგაზრდებს, ეს არის პატრიოტიზმი. მარტო იმიტომ რჩებიან, რომ არ უნდათ, ქვეყანა გარუსეთდეს, საქართველოს სახელმწიფო დაინგრეს და მზად არიან ნაკლებ ხელფასზეც იმუშაონ. დარწმუნებული ვარ, სასიკეთო ცვლილებები თუ იქნება, აქამდე წასული ახალგაზრდებიც დაბრუნდებიან საქართველოში…
– რას ურჩევდით კომპანიებს, დამსაქმებლებს – როგორ შეძლონ საკუთარ თანამშრომლებში ოპტიმიზმის გაძლიერება? მაგალითად, ACT-ის სამზარეულოში როგორ ესაუბრებით საკუთარ თანამშრომლებს?
– ჩემმა თანამშრომლებმა იციან, რომ ამ [მომავლის] ბრძოლაში ერთად ვართ; მე პირადად ჩართული – ვდგავარ ქუჩაში. იციან, რომ freebusiness.ge-ზე ვართ რეგისტრირებული. ის, რომ თანამშრომელს უბრალოდ უთხრა – „დარჩი, არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება“, დამაჯერებელი არაა. ვფიქრობ, საკუთარი მაგალითის მიცემით ვუჩენ იმედს, რომ თუ ვდგავარ და ვიბრძვი ე.ი. კიდევ არის რაღაცის იმედი.