ბოლო დღეების განმავლობაში, ოპოზიცია, მათთან დაკავშირებული სუბიექტები გადავიდნენ რადიკალურ ქმედებებზე“ – გივი მიქანაძე

ბოლო დღეების განმავლობაში, ოპოზიცია, მათთან დაკავშირებული სუბიექტები გადავიდნენ რადიკალურ ქმედებებზე“ – გივი მიქანაძე
„ბოლო დღეების განმავლობაში, ოპოზიცია, მათთან დაკავშირებული სუბიექტები გადავიდნენ რადიკალურ ქმედებებზე, რაც გამოიხატება წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ ხელის შეშლის კონტექსტში“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
„განსაკუთრებით ეს ეხება „ქართული ოცნების“ კუთვნილი წინასაარჩევნო ბანერების დაზიანებას და საარჩევნო რგოლების არგაშვებას. გუშინ, 16 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სარფში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა, მამუკა ჯევაიშმა თანმხლებ პირებთან ერთად დააზიანეს „ქართული ოცნების“ ორი საარჩევნო ბილბორდი. „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბმა აღნიშნულის შესახებ შეტყობინება გადასცა 112-ს, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე.
საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლა, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებიდან. ამის დასადასტურებლად საზოგადოებას შევახსენებთ შემდეგ დარღვევებს:
15 ოქტომბერს, ქალაქ ქუთაისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ განახორციელეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბილბორდების დაზიანება, რაც ცალსახად სხვისი ნივთის დაზიანებას წარმოადგენს.
5ოქტომბერს, ჩუღურეთის რაიონში, მამარდაშვილის ქუჩა ნომერ 12-ში, „ლელოს“ აქტივისტმა, სალომე ტიმჩენკომ ცეცხლი წაუკიდა „ქართული ოცნების“ სიმბოლიკას. დაწვა „ქართული ოცნების“ დროშა.
8 სექტემბერს, აეროპორტის დასახლებაში პარტია „ახალის“ აქტივისტებმა, პარტიის ლიდერების, მაია კოპალეიშვილისა და ანა გოგოლაძის ხელმძღვანელობით დახიეს მმართველი გუნდის გაკრული პლაკატები.
სექტემბრის დასაწყისში ოპოზიციის აქტივისტებმა საბურთალოზე, ვარკეთილში, ნაძალადევსა და დიდუბეში არაერთგზის გადააკრეს, ჩამოხიეს და დააზიანეს „ქართული ოცნების“ პლაკატები.
საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ ხაზარაძის, გვარამიასა და კეზერაშვილის კუთვნილმა ტელევიზიებმა: „მთავარმა არხმა“ „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, დღეის ჩათვლით არ გაუშვეს „ქართული ოცნების“ სარეკლამო რგოლების ნაწილი, რითაც საერთო ჯამში ხუთ საათზე მეტი დროით უფასო სარეკლამო ზიანი მოგვაყენეს. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა გრძელდება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წარმოდგენილი დარღვევების იგნორირება. მოვითხოვთ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან ასახონ თავის შუალედურ თუ შემაჯამებელ ანგარიშებში ის მრავლობითი წინასაარჩევნო დარღვევა, რომელიც ჩვენს მიერ გასაჯაროვდა და ასახულია „ქართული ოცნების“ ფეისბუქ გვერდზე ატვირთულ ანგარიშებში.
ასევე მივმართავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საკუთარ ანგარიშებში ასახონ და სათანადოდ შეაფასონ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული საარჩევნო დარღვევების იგნორირება“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ