ბოლო ათ წელში უცხოური ინვესტიციების ნახევარზე მეტი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში ჩაიდო

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ევროკავშირის ქვეყნები და გაერთიანებული სამეფო ჭარბობდა, – ამის შესახებ კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise იუწყება.
პუბლიკაციის მიხედვით, რუსეთს მხოლოდ და მხოლოდ 4% ეჭირა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ინვესტორი ქვეყანა არასდროს ყოფილა.
“თუნდაც მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა აწარმოვა და რუსეთზე დამოკიდებულება, ექსპორტ-იმპორტის კუთხით, მკვეთრად გაიზარდა. იმავეს თქმა შეიძლება ჩინეთზეც, რომლის ინვესტიციების წილი, 2014-2023 წლებში, კიდევ უფრო დაბალი, 3%-ია.
რაც შეეხება სექტორების წილს, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა ლიდერობდა, რასაც მოჰყვებოდა საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, დამამუშავებელი მრეწველობა და მშენებლობა. სოფლის მეურნეობა კი მთლიანი ინვესტიციების დაახლოებით 0% იყო, რაც ე.წ. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პოლიტიკის განუსაზღვრელად დიდ წარუმატებლობაზე მიუთითებს.
რაც შეეხება 2024 წლის 9 თვის შედარებას 2023 წლის 9 თვესთან, ორივე წელს სოფლის მეურნეობა კვლავ ყველაზე წარუმატებელ სექტორად რჩება და მისი წილი 0%-ს შეადგენს. პირველ ადგილზეა საფინანსო სექტორი 41%-იანი წილით, რასაც ენერგეტიკის სექტორი (16%), დამამუშავებელი მრეწველობა (15%) და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა მოჰყვება (14%),” – წერია დოკუმენტში.
პუბლიკაციის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორებზე შემდეგი პროპორციით გადანაწილდა (2014-2023 წლების დაჯამებული მონაცემები):
· ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 53%
· საფინანსო სექტორი – 21%
· დანარჩენი სექტორები – 13%
· ენერგეტიკა – 11%
· უძრავი ქონება – 10%
· დამამუშავებელი მრეწველობა – 10%
· მშენებლობა – 7%
· სასტუმროები და რესტორნები – 4%
· სამთომოპოვებითი მრეწველობა – 3%
· ჯანდაცვის სექტორი – 2%
· სოფლის მეურნეობა – 0%