აქციის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” პოლიტიკას, ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და აქციების ფარგლებში დაკავებულთა გათავისუფლებას.
მსვლელობის საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა , პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა აქციის დაწყებამდე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის აქციას მისი ორგანიზატორები და მონაწილეები ხედავენ პროტესტის ახალი სუნთქვის გახსნად და იმის ჩვენებად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, რომ ეს პროტესტი არის მშვიდობიანი.
„მიუხედავად იმისა, თუ რა ჩაიდინეს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა 4 ოქტომბერს, ხალხი არის მშვიდობიანი და ის პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ხალხის დაკვეთას ვასრულებთ, ვართ ხანგრძლივ პროტესტში, გაცნობიერებული გვაქვს ის, რომ რეალურად რეჟიმი, როგორი რეპრესიული ზომებიც უნდა მიიღოს, ჩვენი პროტესტის შედეგად უფრო სუსტდება. ამ რეპრესიულ ზომებსაც ვხედავთ რეჟიმის სისუსტის ნიშნად იმიტომ, რომ მას არ ჰყოფნის ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ არსებული ლეგიტიმური მეთოდები გამოიყენოს. მას უწევს ახალ-ახალი დრაკონული კანონების მიღება. ეს ყველაფერი აჩვენებს პროტესტის ძალას“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრის დამთავრების შემდეგ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რღვევის პარალელურად, როცა „ოცნების“ უზარმაზარი კლანები – ლილუაშვილის, ღარიბაშვილის გაუცხოებული არიან რეჟიმისგან ლეგიტიმაციის პრობლემის გამო, საპროტესტო მოძრაობა არ უნდა გაჩერდეს:
„ბოლომდე უნდა მივაწვეთ, ჩამოვშალოთ რეჟიმი იმისთვის, რომ კონტროლი დავაკარგვინოთ ქვეყნის მართვაზე და, რომ ჩატარდეს ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალი არჩევნები, რომლის შედეგად ძალაუფლებას დაიბრუნებს ქართველი ხალხი, მოგვანიჭებს მანდატს და უკვე შესაბამისი მანდატით კოალიციური დემოკრატიული მთავრობა წაიყვანს ამ ქვეყანას სამშვიდობოსკენ და მოაშორებს ამ რუსულ ჭაობს. ხალხის შემდეგი ნიაღვარი, რომელიც აუცილებლად იქნება, დასრულდება ამ რეჟიმის ცვლილებით.“
ფორუმი




