„ბოლოდროინდელი მოვლენები ჩვენს მთელს განვლილ გზას და შრომას წყალში ყრის“ – Leavingstone

საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრია საგარეო კურსის ცვლილებას და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ემიჯნება.
“ასეთ პირობებში შეუძლებელია ოპერირების გაგრძელება “- კომპანია Leavingstone -ის გენერალური დირექტორი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ფაქტობრივად სახეზე გვაქვს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის რადიკალური ცვლილება იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც აბსოლუტურად დამღუპველი იქნება ქვეყნისთვისაც და შემოქმედებითი ინდუსტრიისთვისაც.
„უამრავი წელი და უამრავი რესურსი და შრომა ჩაიდო როგორც სააგენტოს მხრიდან, ისე ასოციაციის წევრების მხრიდან, რომ ჩვენი სერვისები საინტერესო ყოფილიყო დასავლური ბაზრებისთვის და ევროპელი პარტნიორებისთვის. ამ შრომით, ამ თავდადებით სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე მიღწეული წარმატებით შევძელით, რომ ჩვენს პორტფელში დასავლური კომპანიები გაჩნდნენ, თუმცა ეს ბოლოდროინდელი მოვლენები ამ ჩვენს მთელს განვლილ გზას და შრომას წყალში ყრის, რადგან ფაქტობრივად სახეზე გვაქვს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის რადიკალური ცვლილება იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც აბსოლუტურად დამღუპველი იქნება ქვეყნისთვისაც და ჩვენი ინდუსტრიისთვისაც.
პროტესტის პირველი დღეებიდან არაერთი შეტყობინება მივიღეთ ჩვენი პარტნიორებისგან, რომლებიც უპირობო მხარდაჭერას გამოხატავენ ჩვენს მიმართ, თუმცა ამ წერილებში გარკვეულწილად ის შიშიც იგრძნობოდა, რომ მათ აინტერესებთ და აღელვებთ ქვეყნის მომავალი. ჩვენ მათი პარტნიორები ვართ, მნიშვნელოვან პროექტებში ვიღებთ მონაწილეობას და რა თქმა უნდა ყველას უნდა პარტნიორი ისეთი ქვეყნიდან, რომლის კურსი გაცხადებულია.
ბოლო დროინდელი მოვლენები ისეთ კითხვის ნიშნებს ბადებს, რომელზედაც ფაქტობრივად პასუხები აღარ გვაქვს და გვიწევს იმ პოზიციის დაფიქსირება, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია, ეს არ არის ქართველი ხალხის პოზიცია. ვხვდებით, რომ ეს ისეთი რისკებია, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტნიორი, რადგან მისი გადმოსახედიდანაც ქვეყანაში მიმდინარე ასეთი მოვლენები საკმაოდ დამაფიქრებელია და მთელი ამ წლების ნაშრომს წყალში ყრის, რადგან ამ რეპუტაციის შენებას ბევრი დრო და რესურსი დავუთმეთ და ახლა ფაქტობრივად ნულიდან გვიწევს ყველაფრის დაწყება.
ევროპული გზა ჩვენი ინდუსტრიისთვისაც ერთადერთი გზა იყო, რადგან საქართველო პატარა ბაზარია და ეს პატარა ბაზარი ბოლო წლებში კიდევ უფრო გახდა რუსეთზე დამოკიდებული. ეს ნიშნავს ეკონომიკის სტაგნაციას და არანაირი განვითარების პერსპექტივის არსებობას, ამიტომ გვინდოდა ბევრი ევროპული პროექტი გვქონოდა“- განაცხადა ერეკლე ზურმუხტაშვილმა.
შეგახსენებთ, შემოქმედებითმა ინდუსტრიამ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა. 28 კომპანია აცხადებს, რომ შემოქმედებითი ინდუსტრია ყოველთვის იყო, არის და იქნება თავისუფლების, თანასწორობის და დამოუკიდებლობის ღირებულებებისთვის მებრძოლი სივრცე. :”ის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, რასაც დღეს მმართველი პარტია ჩვენს ქვეყანაში ატარებს, ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რისთვისაც წლებია ვიბრძვით, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია და რაც დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით – ეს არის ჩვენი მისწრაფება ვიყოთ ევროპის ნაწილი”,- ნათქვამია განცხადებაში.