ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში, ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართება

2 ივნისს, 12:00 საათზე, ქ. ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას სლოგანი – “ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი” აერთიანებს.
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში მეორედ იმართება.
დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ღვინის მახასიათებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანიშნებელია, რომელიც ამ ნიშნით აღიარებულ ღვინოებს სხვა ღვინოებისგან უპირატესად წარმოაჩენს. ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა.
ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის 50-ამდე მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიების ფარგლებში 28 მაისს, ბოლნისის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი გაიმართა. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურიმ, ენოლოგებმა, ღვინის ექსპერტებმა და მეღვინეებმა საქართველოს 6 რეგიონიდან ( შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო) 21 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, 87 ღვინის ნიმუში დააგემოვნეს.
კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი დიდი ოქროს, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ადგილწარმოშობის ღვინოები 2 ივნისს ფესტივალზე საზეიმოდ გამოვლინდება.
ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს ტრიო „ალილო“ და კვარტეტი „რანინა“,
დღის მანძილზე გაიმართება სხვადასხვა გათამაშებები და შემეცნებითი აქტივობები.
ფესტივალის წარმდგენია არემჯი. მხარდამჭერები: მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი, საქპატენტი.
არემჯი 2022 წელს ოფიციალურად შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებს და გახდა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი. კომპანიის ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტები მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში.
ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამა, სწორედ მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო & ეკონომიკური ზრდა) ეხმიანება და ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!