დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში მეორედ გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის 50-მდე მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი, სადაც წარდგენილი ღვინოები საერთაშორისო გამოცდილების მქონე ღვინის ექსპერტებისა და სომელიეებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა.
ფესტივალის დასკვნით ნაწილში საზეიმოდ გამოვლინდა ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელი ღვინოები. კონკურსში 50 მეღვინეს შორის ბოლნისიდან ოქრო „ძმების მარანმა“ მოიპოვა, ხოლო 7-მა მეღვინემ 9 ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელი ელდარ ბაირამოვი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი.
ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა ტრიო ,,ალილო“ და კვარტეტი ,,რანინა“ ბენდთან ერთად.
დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ღვინის მახასიათებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანიშნებელია, რომელიც ამ ნიშნით აღიარებულ ღვინოებს სხვა ღვინოებისგან უპირატესად წარმოაჩენს. ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა.
ფესტივალის წარმდგენი იყო „არემჯი“, მხარდამჭერები კი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი, მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქპატენტი.
„ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს სლოგანით ,,ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ უკვე მეორედ ვუმასპინძლეთ. აღნიშნული ფესტივალი ადგილობრივი მეღვინეებისა და ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია.
კონკურსში 50 მეღვინეს შორის ბოლნისიდან ოქრო „ძმების მარანმა მოიპოვა“, ხოლო 7-მა მეღვინემ 9 ვერცხლის მედალი დაიმსახურა. მინდა, გულითადად მივულოცო ჩვენს მეღვინეებს ეს წარმატება და წინსვლა ვუსურვო.
ადგილობრივი თვითმმართველობა ბოლნისში ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებას ყოველთვის უჭერს მხარს, ვინაიდან მეღვინეობა ჩვენი კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.