“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თინათინ ბოკუჩავა დღეს თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება.
იგი ბოიკოტში მყოფ 8 ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს, მიიღონ გადაწყვეტილება ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ.
“მტკიცედ მწამს, რომ ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ, სიძულვილს სიძულვილით, ამორალობას ამორალობით.
ივანიშვილის გახრწნილ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, მას თუ დავემსგავსეთ სიძულვილში, ამორალობაში, ბოროტებაში, აუცილებლად დავმარცხდებით.
მე არ მჯერა პოლიტიკის ეთიკური ნორმების გარეშე, არც გამარჯვების მჯერა, რომელიც დაცლილია მორალისგან. მიზანი არ და ვერ ამართლებს საშუალებას, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ბავშვებს, მათ კეთილდღეობას, მათ უსაფრთხოებას, მათ ბედნიერებას.
რა განასხვავებს იმ ადამიანს ივანიშვილისგან, რომელიც ჩვენს შვილებს იჭერს, ცემს, აწამებს, წამლავს, აშინებს, ვინც თავადაც ივანიშვილის მსგავსად უდანაშაულო მცირეწლოვან ბავშვს ბრძოლის ინსტრუმენტად აქცევს? ვისაც შეუძლია ბავშვს აგინოს, დაწყევლოს? ეს ყოვლად დაუშვებელია და სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ თუ ადამიანურ მორალს.
ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო.
მივმართავ რვა პარტიის ფორმატში მყოფ ყველა სხვა პარტიას, რომლებიც გავერთიანდით 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ, ერთობლივად მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში ამ განცხადების ავტორის რვიანთან ურთიერთობის დასრულების შესახებ”, – აცხადებს ბოკუჩავა.
სხვა კომენტარებთან ერთად, ჩერგოლეიშვილმა თავის Facebook გვერდზე დაწერა:
“რეჟიმის გამპრავებლებს მოგმართავთ:
თქვენ, თქვენმა შვილებმა, თქვენმა შვილიშვილებმა, ყველამ, ვინც თქვენ გიყვართ, იარეთ იმ სიმართლით, რომ ოპოზიციის, ან ევროკავშირის ბრალია უვიზოს შეწყვეტა და არა პირადად ბიძინა ივანიშვილის”.
