ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, შეკრებითობის პრინციპით მიხეილ სააკაშვილისთვის 12-წლიანი პატიმრობა არის გზავნილი ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანისთვის, რომ ბრძოლა ისჯება.
თინა ბოკუჩავას თქმითვე, ყველა განაჩენი პუტინის მაამებლადაა.
“12 წელი და 6 თვე მიისაჯეს ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის აღმშენებლობისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისთვის, იმისთვის, რომ მან არ ჩააბარა ჩვენი ქვეყანა რუსეთს და ოკუპანტს. ყველა ეს ე.წ. განაჩენი არის პუტინის განაჩენი და პუტინის მაამებლად ივანიშვილის რუსული რეჟიმის. ეს არის მათ შორის გზავნილი ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანისთვის, რომ თქვენი ბრძოლა ისჯება და დაისჯება.
ეს არის გზავნილი ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის მათ დასაშინებლად, მაგრამ ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლის არ ეშინოდა და არ ეშინია პრეზიდენტ სააკაშვილს და არც იმ ათობით პოლიტპატიმარს, რომელთა სასამართლოები პარალელურად მიმდინარეობდა ხოლმე. აუცილებლად დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი, აუცილებლად დასრულდება ეს უსამართლობა და პრეზიდენტი სააკაშვილი გააგრძელებს ბრძოლას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ 4 წლისა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ აღნიშნულ განაჩენს დაუმატა საქალაქო სასამართლოს 12 მარტს მიღებული გადაწყვეტილება და ჯამში, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით.
გადაწყვეტილება მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო. მან შეკრებითობის პრინციპი გამოიყენა.