„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩა რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართავს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა დაასრულონ.
ბოკუჩავამ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა Facebook-ზე ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში მისი მისამართით დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორების გვერდიდან ბავშვების ფოტოები აიღო და მათი გამოყენებით საპასუხოდ შეურაცხყოფა მიაყენა.
ბოკუჩავას თქმით, ჩერგოლეიშვილის საქციელი ყოველგვარ პოლიტიკურ თუ ადამიანურ მორალს სცდება.
„მტკიცედ მწამს, რომ ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ, სიძულვილს სიძულვილით, ამორალობას ამორალობით.
ივანიშვილის გახრწნილ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, მას თუ დავემსაგვსეთ სიძულვილში, ამორალობაში, ბოროტებაში, აუცილებლად დავმარცხდებით.
მე არ მჯერა პოლიტიკის ეთიკური ნორმების გარეშე, არც გამარჯვების მჯერა, რომელიც დაცლილია მორალისგან. მიზანი არ და ვერ ამართლებს საშუალებას, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ბავშვებს, მათ კეთილდღეობას, მათ უსაფრთოხებას, მათ ბედნიერებას.
რა განასხვავებს იმ ადამიანს ივანიშვილისგან, რომელიც ჩვენს შვილებს იჭერს, ცემს, აწამებს, წამლავს, აშინებს, ვინც თავადაც ივანიშვილის მსგავსად უდანაშაულო მცირეწლოვან ბავშვს ბრძოლის ინსტრუმენტად აქცევს? ვისაც შეუძლია ბავშვს აგინოს, დაწყევლოს? ეს ყოვლად დაუშვებელია და სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ თუ ადამიანურ მორალს.
ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო. მივმართავ რვა პარტიის ფორმატში მყოფ ყველა სხვა პარტიას, რომლებიც გავერთიანდით 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ, ერთობლივად მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში ამ განცხადების ავტორის რვიანთან ურთიერთობის დასრულების შესახებ“, – აცხადებს ბოკუჩავა.
თინა ბოკუჩავას ამ განცხადებას უპასუხა თამარ ჩერგოლეიშვილმა. ჩერგოლეიშვილის თქმით, მორალურად და სისტემურად „ნაციონალური მოძრაობა“ მათთვისაც მიუღებია, თუმა ეროვნული ინტერესები გამო, კომპრომისზე მიდიოდნენ.
ამასთან, ჩერგოლეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რვა პარტიის ფორმატიდან დე ფაქტო ისედაც გასული იყო და მისთვის ბოკუჩავას „მუქარა“ გაუგებარია.
„ნაციონალური მოძრაობის“ დაბნეულ ფორმალურ თავმჯდომარეს ვპასუხობ:
რვიანი არ არის არც პლატფორმა, არც გაერთიანება. რვიანში ვართ პარტიები, ვინც ვთანამშრომლობთ ოქტომბრის ფარსის ბოიკოტში.
ამიტომ გაუგებარია, თუ არჩევნებში არ შედიან, რვიანი როგორ უნდა დაშალონ.
ამას გარდა, 8-იანში შემავალ ყველა პარტიას ერთმანეთთან გვაქვს არაერთი განსხვავება. მაგალითად, ჩვენ, „ფედერალისტებს“ და ჩვენს მხარდამჭერებს მორალურად და სისტემურად ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პიროვნების კულტს ჩამოკიდებული, ანემიური, არადემოკრატიული პარტია, სადაც არცერთ პოლიტიკოსს არ გააჩნია წონა და ყველა ნულია, სააკაშვილის გარეშე. ჩვენ გვინდა, რომ ასეთმა პარტიებმა აღარ იარსებონ. მაგრამ იმის გამო, რომ ეროვნული ინტერესები ჩვენგან ერთობას ითხოვს, სადაც ეს შესაძლებელია, დიდ კომპრომისზე ვართ წასული არა მხოლოდ საკუთარ თავთან და პარტიასთან, არამეც ჩვენს მხარდამჭერებთანაც და ვმუშაობთ ისეთ პარტიებთანაც, რომელიც მორალურად და პრინციპულად ჩვენთან შეუთავსებელია (თუმცა არიან ისეთები, ვისთანაც კარგად გამოგვდის).
ცხადია, გრძლად არ გამოვეხმაურები იმ სიყალბეს, რაც თიკა ბოკუჩავას კედელზე წავიკითხე – მას თავისი გაჭირვებია და საკუთარ პარტიაში პოზიციების გამაგრებას ცდილობს ახლა, ამ ყალბი მაიმუნობით (მართლა მეცოდება, ისეთ დღეშია).
მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი – ერთი მხრივ თიკა ბოკუჩავას რვიანში ყოფნა, ხოლო მეორე მხრივ ხაბეიშვილის ფლანგის გამუდმებული თავდასხმა რვიანზე, ისედაც შეუძლებელს ხდიდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მუშაობას.
ამდენად, გაუგებარია ეს მუქარა რას ემსახურება – „ნაცმოძრაობა“ დე ფაქტო ისედაც გასული იყო რვიანიდან (მაგალითად, საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ბათუმის მარშში, ვინაიდან ბათუმის ორგანიზაცია ბოკუჩავას არ ემორჩილება). „ნაცმოძრაობა“ ყველა წარმატებული ღონისძიების შემდეგ, შარზე იყო და წიხლებს იქნევდა.
ამ ყველაფერზე არ ვყვიროდით იმიტომ, რომ საერთო ამოცანა არ დაგვეზიანებინა 4 ოქტომბრამდე, თორემ გაუგებარია ვინ საიდან უნდა გაირიცხოს, ან გამოირიცხოს? როგორ და ვინ უნდა გამრიცხოს იქიდან, სადაც არ ჩავრიცხულვარ? რა საქმესაც ვაკეთებ, იმ საქმის კეთებიდან ვინმემ როგორ უნდა გამრიცხოს? ეგ რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ახლა ჩემთვის წიხლების ქნევაც ხომ არ მოგიწევდათ?
ნუ არაფერს ვიტყვი იმაზე, რა უბადრუკად ცდილობენ ჩემი შეცდომის გამოყენებას, რომლის გამოც მოვიბოდიშე, მათი ყეყეჩი ლიდერებისგან განსხვავებით.
ამ ისტერიკაში მხოლოდ ნაცმოძრაობის კრიზისი ჩანს და არა იმ პარტიების, ვინც რვიანში რეალურად ვმუშაობდით და ვმუშაობთ.
კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩვენი მხარდამჭერები ამ ცირკის მაყურებელი გავხადე“, – აცხადებს ჩერგოლეიშვილი.
