საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან პროდასავლური ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
თინა ბოკუჩავას თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილ წინა ხელისუფლების “საქმიანობის შემსწავლელ კომისიაში” მონაწილეობას არ მიიღებენ.
“შეხვედრა უმეტეს წილად ეხებოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს მიუნხენში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციის პირობებში არც ერთი არაღიარებული, არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი არ იყო და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გაჟღერება ხდება სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. საუბარი იყო ბუნებრივია ახალი სამართლიანი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, როგორც ერთადერთი გზა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე მივიღეთ დღევანდელ შეხვედრაზე საერთო ოპოზიციურ ფორმატში არის ის, რომ არავინ მონაწილეობას არ მიიღებს თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში არალეგიტიმური პარლამენტის, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია, არ აქვს აღიარება და ყველას გვესმის, რომ ეს რუსული კომისია ემსახურება საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობას და არის მიმართული საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება ამ არალეგიტიმურ, რუსულ კომისიაში მონაწილეობის არ მიღების არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის მხრიდან. გვემუქრება, მაგრამ ამის არავის ეშინია. ვისურვებდი, რომ ეს ფორმატი გახდეს მათ შორის საფუძველი ბევრი სხვა ამგვარი ერთობლივი გადაწყვეტილებების”, – თქვა თინა ბოკუჩავამ.
ქართულმა ოცნებამ “2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.
კომისიის შექმნა ქართულმა ოცნებამ 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. მამუკა მდინარაძის თქმით, საგამოძიებო კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.
კომისიის ავმჯდომარე ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი თეა წულუკიანია, მისი მოადგილე კი ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალიდან სოზარ სუბარი.
კომისიაში არიან:
ქართული ოცნებიდან: თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია
ხალხის ძალიდან: სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი.
ევროპელი სოციალისტებიდან: ილია ინჯია
