პაპუაშვილის, ამ გაბოროტებული ჯამბაზის გამოსვლას სერიოზულად არავინ იღებს. ვერავის ვერ გააუქმებს, ვერც პაპუაშვილი, ვერც მათი კენგურუ სასამართლო, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოდ მოიხსენიებენ, თუმცა სინამდვილეში ისეთივე პოლიტიკური წარმონაქმნია ივანიშვილის ხელში, როგორც თავად შალვა პაპუაშვილი.
ვერავის და ვერაფერს გააუქმებენ, მათ შორის, ვერც ნაციონალურ მოძრაობას. იმიტომ, რომ პარტია ადამიანების ერთობაა, რომლებიც ერთიანდებიან ღირებულებების, ფასეულობების, მისწრაფებების და მიზნების ირგვლივ – ესენი კი არის საქართველოს უკეთესი მომავალი.
ეს მიზნები არის რომ – საერთაშორისო შეხვედრებზე საქართველო წარმოდგენილი იყოს ღირსეული ხელისუფლებით, რომელიც გაატარებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და რომელიც შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში. ეს კი იმდენად დიდი მიზანია, რომ ამის განადგურება, გაცამტვერება აკრძალვა და ლიკვიდაცია ვერ შეძლო პუტინმა და, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს ვერც ბიძინა ივანიშვილი.




