ბოკუჩავა: დღეს შემატყობინეს, რომ თურმე მეც დაბარებული ვარ პროკურატურაში

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც მან ტვ პირველის ეთერში განაცხადა, დაბარების შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი დღეს გახდა.
“დღეს შემატყობინეს, რომ თურმე მეც დაბარებული ვარ პროკურატურაში” – განაცხადა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავამ ხელისუფლების ოპონენტების გამოკითხვის პროცესს მასკარადი უწოდა. მისივე თქმით, აუცილებელია არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების საერთაშორისო და დამოუკიდებელი გამოძიება.
“არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ გაყალბდა და ამას სჭირდება სერიოზული გამოძიება, რაც ბუნებრივია, არ გულისხმობს პროკურატურის მხრიდან პრეზიდენტი ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარებას ან თინა ბოკუჩავას პროკურატურაში დაბარებას, რაც სხვათა შორის დღეს შემატყობინეს, რომ თურმე მეც დაბარებული ვარ პროკურატურაში. სერიოზული გამოძიება ამ მასკარადის მოწყობას კი არ გულისხმობს, სერიოზული გამოძიება გულისხმობს საერთაშორისო აქტორების ჩართვას საგამოძიებო პროცესში, სადაც პროკურატურა კი არ მიითვისებს ხმის მიცემის და ვერიფიკაციის აპარატებს, არამედ რეალური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდება”, – ამბობს თინა ბოკუჩავა.