ბოკუჩავა: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დიდმა ბრიტანეთმა იმოქმედოს სწრაფად, რომ სანქციები გააფართოოს (ვიდეო)

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დიდმა ბრიტანეთმა იმოქმედოს სწრაფად, რომ სანქციები გააფართოოს” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მას ლონდონში საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალი დონის შეხვედრა ჰქონდა, სადაც სანქციების საკითხი განიხილეს.

თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბრიტანეთმა დაასანქციროს არა მხოლოდ ფარცხალაძეს, არამედ “რეჟიმის ის უშუალო წევრები, რომლითაც სულდგმულობს ის რეპრესიული მანქანა, რომელსაც ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს”.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ის სიტყვა, რომლითაც მე დღეს მივმართე ევროპის სახალხო პარტიის ყველაზე დიდი და გავლენიანი ოჯახის შეკრებას, აქ სტრასბურგში, რა თქმა უნდა კონცენტრირებულია მის ხელთ არსებული მექანიზმების და ინსტრუმენტების გამოყენებაზე ივანიშვილის რეჟიმის მაქსიმალური, საერთაშორისო წნეხისთვის და სხვადასხვა ტიპის მექანიზმები არსებობს, მათ შორის საერთაშორისო სასამართლო, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გამოყენება და ა.შ.. 

ამასთანავე, როდესაც ჩვენ ვართ ასეთ მრავალმხრივ ფორმატებში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყენებთ შესაძლებლობას, რომ ორმხრივი შეხვედრები ვაწარმოოთ სხვადასხვა ეროვნულ დელეგაციებთან, იქნება ეს შვედეთი, გერმანია, საფრანგეთი, თუ ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი. 

მე აქ სტრასბურგში, სწორედ ლონდონიდან ჩამოვედი, სადაც ასევე მქონდა საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რა თქმა უნდა სწორედ სანქციებზე სალაპარაკოდ. რატომ?  – იმიტომ, რომ ბრიუსელისგან განსხვავებით, როდესაც ევროკომისიას ვესაუბრებით, იქ ვსაუბრობთ იმაზე როგორ გადავლახოთ ორბანის ვეტოს უფლება და მოვძებნოთ სხვა გზები ივანიშვილის დასანქცირებისთვის, სადაც გადაწყვეტილებას კონსესუსით იღებს 27 წევრი სახელმწიფო, დიდი ბრიტანეთი ამ გადაწყვეტილებას ექსკლუზიურად და დამოუკიდებლად იღებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილს ძალიან დიდი რაოდენობის აქტივები აქვს დიდ ბრიტანეთში და მის ობშორულ ტერიტორიებში, რომ დიდმა ბრიტანეთმა იმოქმედოს სწრაფად, რომ სანქციები გააფართოვოს და ის შეეხოს არა მხოლოდ ფარცხალაძე, ან ნებისმიერ სხვას, არამედ უშუალოდ ივანიშვილს, მის გარემოცვას, რუხაძეს, იმ ფინანსურ ელიტას რომელზეც დგას, იმ პროპაგანდისტებს, რეჟიმის იმ უშუალო წევრებს, რომლითაც სულდგმულობს ის რეპრესიული მანქანა, რომელსაც ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.