ბოკუჩავა არ პასუხობს კითხვას, რატომ არ ახსენეს თანაბარ უფლებებში სექსუალური უმცირესობები

ტაბულას კითხვაზე, რატომ არ არის ენმ-ს მანიფესტის მე-4 პუნქტში სექსუალური ორიენტაცია ნახსენები და ნიშნავს თუ არა ეს, რომ პარტია ერიდება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის შესახებ საუბარს, თინა ბოკუჩავამ უპასუხა: “სხვა დროს ვისაუბრებ ამ თემაზე”.
გუშინ, 22 ნოემბერს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 11-პუნქტიანი მანიფესტი გამოქვეყნა სახელწოდებით – “რუსი ოლიგარქი ან საქართველო – ტოტალური შეტევა სისტემაზე“.
მანიფესტის მეოთხე პუნქტში წერია: თანაბარი უფლებები, თანაბარი სამართალი და თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ყველას, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობის, რასის, სარწმუნოების, ასაკისა და სქესისა.
დღეს, 23 ნოემბერს ენმ-ს “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება გამართა. შეკრებაზე პარტიის გამოქვეყნებულ მანიფესტს მოაწერეს ხელი და პარალელურად პარტიის სამოქმედო გეგმა გამოაცხადეს.