ბოკერია: კვლევით მზარდი რეიტინგი გვაქვს, შინაარსობრივი ალოკაციით – 4.5% მთელ ქვეყანაში

ევროპული საქართველოს ლიდერის, ს განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების და კონკურენტი პარტიების ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ევროპული საქართველოს მზარდი რეიტინგი და ის, რომ სწორი კამპანიის პირობებში პარტიას ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება. ამის მიუხედავად, ევროპული საქართველო თვლის, რომ ყველაზე სასარგებლო და სწორი გზაა იმ ტიპის პოლიტიკური ცენტრების შექმნა, რომელიც ჯამში მეტ ხმას მოუტანს ოპოზიციურ ამომრჩეველს.
ბოკერიას თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ საუკეთესო სინერგია ევროპული საქართველოს, ახალის და ლელოს გაერთიანებას აქვს, რომელიც 2.5%-ით მეტ შედეგს დებს, ვიდრე ამ პარტიების ცალკე აღებული ჯამი. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მათ კვლევის შეეგების გაცნობამდე და ამის შემდეგაც მიმართეს ამ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობას. თუმცა, ბოკერია აღნიშნავს, რომ მათგან მხოლოდ დუმილს და სატელევიზიო ზოგად განცხადებებს ისმენენ.
“ამ კვლევამ დაადასტურა ის, რომ რამდენიმე ოპოზიციური ცენტრის ჯამური შედეგი საგრძნობლად უკეთესია ერთიანი სიის შედეგზე.
ამ კვლევამ ასევე აჩვენა ევროპული საქართველოს მზარდი რეიტინგი – შინაარსობრივი ალოკაციით 4.5% მთელ ქვეყანაში, თბილისში 5.5%-მდე, ანუ ის, რომ სწორი კამპანიის შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება პრობლემა ბარიერისა, ამის მიუხედავად, ჩვენ ახლაც ვთვლით, რომ ყველაზე სასარგებლო, ზუსტი და სწორი გზაა სწორედ იმ ტიპის ცენტრების შექმნა, რომელიც ჯამში მეტ ხმას მოუტანს ოპოზიციურ ამომრჩეველს.
ამ ვითარებაში ამავე კვლევამ გვაჩვენა, რომ საუკეთესო სინერგია ჰქონდა ევროპული საქართველოს, ახალის და ლელოს გაერთიანებას, რომელიც 2;5%-ით მეტ შედეგს დებდა, ვიდრე ამ პარტიების ცალკე აღებული ჯამი. ამავე დროს, ოპოზიციური ამომრჩევლის და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 60%-ზე მეტი არ უჭერს მხარს ერთიან სიას.
მთავარი გზავნილი არის ის, რომ ევროპული საქართველოს ხედვა იმ ტიპის სიმძიმის ცენტრის შექმნისას პროდასავლურ ოპოზიციაში, რომელიც ცალსახად მთავარ ოპოზიციურ სუბიექტად იქნება წარმოჩენიული, რომელიც მკაფიოდ გაემიჯნება კეზერაშვილის და სააკაშვილის ალიანსს, საუკეთესო გზაა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად.
ჩვენ ამ კვლევის შედეგების გაცნობამდე და ამის შემდეგ მივმართეთ არამარტო საჯაროდ, არამედ არასაჯაროდაც, ამ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობას.
საწყისი კომუნიკაციის შემდეგ, ჩვენ ამ პოლიტიკური პარტიებისგან, სამწუხაროდ, გვესმის მხოლოდ დუმილი, ვისმენთ სატელევიზიო ზოგად განცხადებებს და რეალური მოლაპარაკებების პროცესი, რომელშიც ბევრი რამეა სწრაფად გასარკვევი, რათა ამომრჩეველმა ნათლად დაინახოს სურათი, არსად არ მიდის, პრაქტიკულად ჩიხშია შეყვანილი.
ჩვენ არ ვიცით, რა არის ამის მიზეზი, არ გვინდა სპეკულირება, თუმცა, ფაქტია, რომ ერთერთი მთავარი კრიტერიუმი ჩვენთვის ამ გაერთიანების იყო და არის მკაფიო დისტანცირება, გამიჯვნა და დაგმობა იმისა, რასაც ვხედავთ კეზერაშვილ-სააკაშვილის ალიანსში, ვგულისხმობ ბელადომანიას, კერპთაყვანისმცმელობას, რომელიც ჰგავს ქართული ოცნების სტილს და ჩრდილოვანი ოლიგარქიული მართვის მცდელობას.
ეს არის მიზეზი, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერების ეგოები თუ ორივე ერთად, ამის მიუხედავად, ჩვენ სრულ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია, მათი მხრიდან ამ ეტაპზე მხოლოდ სატელევიზიო განცხადებების გაკეთება და ამ კითხვებზე, თუ რატომ არ მიდის ეს პროცესი წინ და რატომ შევიდა ჩიხში, მათ უნდა გასცენ პასუხი, ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ, საზოგადოებას სცოდნოდა ჩვენი ხედვა, რა ამოცანას ვისახავდით, რატომ იყო ეს ამოცანა სწორი და როგორ დაადასტურა ამ ამოცანის სისწორე იმ კვლევამ, რომელიც ჩატარდა, ხაზს ვუსვამ, ევროპული საქართველოს მონაწილეობის გარეშე” – განაცხადა ბოკერიამ.