ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია SOVLAB-თან და ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ, ბექა მინდიაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ბოკერიამ მისი ნათქვამი ქართული ოცნების ანტიდასავლური კამპანიის გაგრძელებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის რეჟიმი საპატრიარქოს თემის გამოყენებით, სპეკულაციებს, ფარისევლობასა და “შეტევაზე ყოფნას” გააგრძელებს.
“ბექა მინდიაშვილისა და აქედან გამომდინარე, ზოგადად, აშშ-ს, დონორებისა და დასავლეთის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია არის ივანიშვილის რეჟიმისა და ყველა პუტინისტური, ან ოპორტუნისტული ძალის ანტიდასავლური, ანუ ანტიქართული კამპანიის გაგრძელება – მაშინ, როდესაც პრობლემის ძირი იმაშია, რომ ჩვენს საპატრიარქოში, ყველა თვალსაზრისით, კატასტროფული მორალური ვითარება გვაქვს. სტალინის საკითხმა ეს კიდევ ერთხელ გამოაჩინა.
ეს ხალხი ამ ამბის გამოყენებას მათ მიერ ჩვენი ქვეყნის ღალატის გადასაფარად ცდილობს, რომ ამ ფარისევლობით, ვითომ, ჩვენი პატრიოტიზმის, მრწამსისა და ეკლესიის დაცვას ეწევიან. ამ საკითხზე უკან დახევა, კომპრომისი ან დისტანცირება, როგორც, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობა აკეთებს, მორალურად სამარცხვინოა და პრაგმატულადაც არანაირ შედეგს არ მოიტანს. ივანიშვილის რეჟიმი საპატრიარქოს თემის გამოყენებით, ამ სპეკულირებას, ფარისევლობასა და შეტევაზე ყოფნას განაგრძობს. ჩვენ ამ საკითხში შეტევაზე უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ ამ თემაში მორალურად ბოლომდე მართლები ვართ ყველა, ვისაც გვჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლების ან საპატრიარქოს მხრიდან საბჭოთა წარსულისა და სტალინის განდიდება სირცხვილია”. – თქვა ბოკერიამ.
18 იანვარს შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილს “ქართული ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანი” უწოდა და ომბუდსმენს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.
მინდიაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სოციალურ ქსელში უპასუხა და დაწერა, რომ პაპუაშვილი თავისი განცხადებით უგულებელყოფს რელიგიური ნეიტრალობის პრინციპებს და ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის პოლიტიკური მანიპულირების სურვილს გამოხატავს.
20 იანვარს პაპუაშვილი მინდიაშვილს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის ეკლესიას აქტიურად ესხმის თავს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზაცია USAID ტოლერანტობის ცენტრის დაფინანსების გამო გააკრიტიკა.
შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, მართლმადიდებელი მრევლი შევიწროების ობიექტად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა (SOVLAB) და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის, მიერ იქცა.