“ბოდიშზე” ივანიშვილის განცხადების შემდეგ, სოხუმი აცხადებს, რომ დამატებით ნაბიჯებს მოელოდა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ქართულ მხარეს, “უარი თქვას კონფრონტაციულ რიტორიკაზე, გააფორმოს ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება და დაიწყოს დიალოგი, რომელიც გაითვალისწინებს 1992-1993 წლების ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ რეალობებს”.
აღნიშნული განცხადება ს დე ფაქტო უწყებამ გააკეთა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადების საპასუხოდ, რომელიც რუსული ავიაკომპანიების სოხუმის აეროპორტში რეგულარული ფრენების აკრძალვის მცდელობას უკავშირდება.
პირველი მაისიდან იგეგმება სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის (ვ. გ. არძინბას სახელობის) ამოქმედება და რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყება აფხაზეთსა და რუსეთს შორის.
„ქართული პოლიტიკოსების ბოლო პერიოდის განცხადებების ფონზე, რომლებიც აცხადებდნენ მზადყოფნას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, მათ შორის მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ს განცხადების გათვალისწინებით, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველო, შესაძლოა, მოუხადოს ბოდიში ოსურ მხარეს 2008 წლის მოვლენებისთვის და დასაჯოს ყოფილი მმართველი ძალა“, აფხაზეთის რესპუბლიკა მოელოდა რეალისტური, პრაგმატული თანამშრომლობის დაწყებას, რომელიც აღიარებს კავკასიაში ჩამოყალიბებულ რეალობებს. თუმცა, ამის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს შაბლონური, პოლიტიკურად მიკერძოებული და რეალობას მოწყვეტილი განცხადებების გაკეთებას, რომლებიც უკვე ბანალურად ჟღერს და მხოლოდ დამატებით დაძაბულობას ქმნის. საქართველოს ხელმძღვანელობის მორიგი გამონათქვამები არის მცდელობა, ხელი შეუშალოს პროცესებს, რომლებსაც შეუქცევადი ხასიათი აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აფხაზური მხარე აცხადებს, რომ მსგავსი მიდგომები „არამარტო ხელს არ უწყობს გაჭიანურებული კრიზისის გადაჭრას, არამედ ძირს უთხრის დიალოგის შესაძლებლობასაც, კიდევ უფრო აძლიერებს ურთიერთ უნდობლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“.
„ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს, უარი თქვას კონფრონტაციულ რიტორიკაზე, გააფორმოს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება ძალის არგამოყენების შესახებ და დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგის ახალი ეტაპი, რომელიც გაითვალისწინებს 1992-1993 და 2008 წლების კონფლიქტების შედეგად ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალობებს“, – ნათქვამია სოხუმის განცხადებაში.
ივანიშვილის ბოდიში
2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის ომთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდის საჭიროებაზე ისაუბრა. მსგავსი რიტორიკა რუსული დიპლომატიის ნარატივის გაგრძელებაა – საქართველოს მხრიდან „დანაშაულის აღიარება“ და „რეალობების მიღება“.