„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ პარტიაში უთანხმოება საარჩევნო სიას არ უკავშირდება.
საუბარია, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობიდან გიგა ბოკერიას გადადგომას და პარტიის დატოვებას. პარტიის საარჩევნო სიიდან გავიდა თამარ ჩერგოლეიშვილიც და პარტია სხვა წევრებმაც დატოვეს.
როგორც ბობოხიძე ამბობს, შიდაპარტიული პრაიმერიზის შემდეგ, რომლითაც საარჩევნო სია უნდა ჩამოეყალიბებინათ, თამარ ჩერგოლეიშვილისთვის “დამახასიათებელმა მკვეთრმა შეფასებებმა კატეგორიულად მიუღებელი ფორმით იჩინა თავი“.
ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში პირველ აგვისტოს ისაუბრა.
„თურმე სადღაც რაიონებში ცხვარი და ფარაა და ამას საკუთარ ამომრჩეველზე ამბობს [თამარ ჩერგოლეიშვილი]. თურმე, აკაკი ბობოხიძისა და გიგი წერეთლის მხარდამჭერ სიას ვინც აძლევს ხმას, ის ცხვარია და ვინც ქალბატონ თამარის სიას უჭერდა მხარს, ის მაღალიდეურია… ადამიანებს არ უნდა აკადრო ის, რაც ქალბატონმა თამარმა იკადრა და ეს იყო ნამდვილად ძალიან მძიმე სიტყვიერი და დამოკიდებულებითი კონფლიქტი“, – განაცხადა ბობოხიძემ.
როგორც ბობოხიძე ამბობს, პარტიაში გამოითქვა სურვილი, რომ გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის კონკრეტული მოქმედები პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეფასებულიყო. ბობოხიძის თქმით, მათ პოლიტსაბჭოზე საკითხის განხილვაზე უარი მიიღეს. ამიტომ ვინაიდან საკითხი პოლიტსაბჭოზე ვერ განიხილებოდა, გიგა ბოკერიამ პარტიის ყრილობის მოწვევის იდეა გააჟღერა.
თუმცა, როგორც ბობოხიძე ამბობს, როცა გაიგეს, რომ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გიგი წერეთლის კანდიდატურაც დადგებოდა, ბოკერიამ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„როგორც კი გაიგეს, რომ გიგა არ იქნებოდა ერთადერთი და უალტერნატივო კანდიდატი ყრილობაზე და გიგი წერეთელი მისი კონკურენტი იქნებოდა და მე მხარს გიგი წერეთელს დავუჭერდი, გიგა ბოკერიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო“, – განაცხადა ბობოხიძემ.
როგორც ბობოხიძე ამბობს, მიუხედავად „ევროპულ საქართველოში“ განვითარებული პროცესებისა, პარტია არჩევნებში მაინც მიიღებს მონაწილეობას და კოალიციებისთვისაც მზად არიან.
როგორც „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი აცხადებს, პრაიმერიზი აღმოჩნდა განხეთქილების ის მოვლენა, რომელმაც პარტიაში არსებული უთანხმოებები გააღრმავა.
როგორც წერეთელი აცხადებს, პარტიაში კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც გახდა, რომ გიგა ბოკერიამ პრაიმერიზში მონაწილე ორი სიიდან მხარი იმ სიას კი არ დაუჭირა, რომლის პირველი ნომერიც თავად იყო და რომელ სიაშიც წერეთელი და ბობოხიძეც იყვნენ, არამედ მეორე სიას, რომლის პირველი ნომერიც თამარ ჩერგოლეიშვილი იყო და მასში ბობოხიძე და წერეთელი არ ფიგურირებდნენ.
წერეთლის თქმით, კენჭისყრის წინა საღამოს ბოკერიას მიერ იმის თქმამ, რომ თავად მხარს მეორე სიას უჭერდა, ნეგატიური ეფექტი გამოიწვია ლიდერებში, მხარდამჭერებსა და რეგიონებში.
„ამან შექმნა დიდი უხერხულობა და ამ საკითხზე მოხდა გარკვეული დაპირისპირება“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ გიგი წერეთელმა.
წერეთლის თქმით, ამის გარდა, კონფლიქტი მოხდა პრაიმერიზში ხმის მისაცემად ამომრჩეველთა დარეგისტრირების საკითხზეც.
გიგა ბოკერიას განცხადებით, ბობოხიძის გადაწყვეტილება იყო, რომ პრაიმერიზში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდათ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებსაც, რომლებსაც არ სურდათ „ევროპული საქართველოს“ მკაფიო, საჯარო მხარდაჭერა.
„შეიქმნა კონფლიქტი, მაგალითად ამომრჩევლების ნაწილი დაგვეტოვებინა თუ არა სიაში. ამაზე ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, გავიტანეთ პოლიტსაბჭოზე, რომელმაც იმგვარი გადაწყვეტილება მიიღო, რაც არ მოეწონა პარტიის თავმჯდომარეს. საკმაოდ დაძაბული სხდომა იყო და ითქვა, რომ დაინიშნება ყრილობა, რომელიც გადაწყვეტს ახალი ხელმძღვანელობის და თავმჯდომარის და ბევრ სხვა საკითხს. რადგან საბოლოო ჯამში ყრილობა ამტკიცებს სიასაც.
ამან გამოიწვია გარკვეული კასკადი მოვლენების, რადგან ყრილობა დემოკრატიული ამბავია პარტიაში, მაგალითად დგება ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა… საბოლოო ჯამში ამ საკითხზე იყო ყველაზე მეტი დაძაბულობა. ამ პროცესმა გამოიწვია ნდობის დაკარგვა და ერთმანეთთან დაპირისპირება, საბოლოოდ კი დადგა ეს შედეგი“, – განაცხადა წერეთელმა.
პირველ აგვისტოს გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობიდან გადადგა და პარტია დატოვა.
საარჩევნო სიიდან გადის თამარ ჩერგოლეიშვილიც.
როგორც ბოკერიამ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაპირისპირება „ევროპულ საქართველოში“ შიდაპარტიული პრაიმერიზს მოჰყვა. „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებისთვის სიის შესადგენად პრაიმერიზი 28 ივლისს ჩაატარა.
დელეგატებმა არჩევანი ორ სიას შორის გააკეთეს. სია N1-მა, რომლის სათავეშიც გიგა ბოკერია იყო, ხმათა 55% დააგროვა, სია N2-მა, თამარ ჩერგოლეიშვილის ლიდერობით – 45%.
თავად გიგა ბოკერიამ პრაიმერიზში თამარ ჩერგოლეიშვილის სიას დაუჭირა მხარი, რომელშიც პარტიის ცნობილი სახეებიდან არ იყვნენ აკაკი ბობოხიძე და გიგი წერეთელი.
გარდა ამისა, მისი თქმით, აზრთა არსებითი სხვადასხვაობა გამოიწვია საკითხმა, თუ ვის უნდა ჰქონოდა პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება.
მისი თქმით, პარტიის ხელმძღვანელების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ არჩეული კურსიდან გადაეხვია და სწორედ ამიტომ მათი გზები გაიყო.
კითხვაზე, სიის ნომრებს შეეხებოდა თუ არა დაპირისპირება, ბოკერიამ თქვა: „როგორც ჩანს. ან ზოგადად, ძალაუფლების დაკარგვას პარტიის შიგნით“.
მან ასევე ივარაუდა, რომ ადამიანებს „აღარ ჰქონდათ რწმენა, რომ ბარიერის გადალახვა შეეძლოთ“.
„მე ვთვლიდი, რომ ფორმაში რომ ვყოფილიყავით, ეს შეგვეძლო და შეიძლება, [ისინი] ეძებენ გზებს სხვა ტიპის პოლიტიკური მომავლისთვის“, — დასძინა ბოკერიამ.
თამარ ჩერგოლეიშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ვინც კი უკავშირდება პარტიის პროგრესს, „ევროპულ საქართველოში“ არავინ რჩება.