ბლუტაბლა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ბრენდი, რომელმაც ქართული ორნამენტიკა, დამწერლობა და ეთნოგრაფია თანამედროვეობის ნაწილად აქცია, ადგილობრივ ბაზარზე ქსელს აფართოებს, საერთაშორისო ასპარეზზე კი ბრიტანეთის ბაზრის ათვისებას იწყებს.
ბლუტაბლასთვის მიმდინარე წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბრენდმა სამი ახალი, სტრატეგიული ფილიალი გახსნა თბილისის საკვანძო ლოკაციებზე – აქსის თაუერსში ჭავჭავაძის გამზირზე, ისთ ფოინთში და ბამბის რიგზე. ამ სიახლით დედაქალაქში ფილიალების რიცხვი 10-მდე გაიზარდა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით ბლუტაბლა უკვე 14 ლოკაციაზეა წარმოდგენილი, მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, გორსა და რუსთავში.
თუმცა, სიახლე მხოლოდ რაოდენობაში არ არის. ახალი ფილიალები განახლებული კონცეფციით შეიქმნა. თუ აქამდე ბრენდი ძირითადად მცირე ზომის სტენდებით იყო წარმოდგენილი, ახლა აქცენტი მაღაზიებზე კეთდება.
„ეს სივრცეები გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო გავაფართოოთ პროდუქციის ასორტიმენტი და მომხმარებელს ჩვენი პროდუქცია სრულად გავაცნოთ. მომავალი წლის სტრატეგიის ნაწილიც სწორედ ესაა -სრული გადასვლა დიდი ფორმატის მაღაზიებზე,“ – აცხადებენ ბრენდის წარმომადგენლობაში.
ადგილობრივი წარმატების პარალელურად, ბლუტაბლა აქტიურად მუშაობს საექსპორტო მიმართულებით. ბრენდმა წარმატებით დაასრულა ტექნიკურ-საოპერაციო ეტაპი ბრიტანეთის ბაზარზე და ლონდონში სადისტრიბუციო-სასაწყობო ცენტრი გახსნა ახლახან. ეს ნიშნავს, რომ ქართული ტექსტილის კატეგორია უკვე ხელმისაწვდომია როგორც Amazon-ზე, ისე ბრენდის ოფიციალურ საერთაშორისო ვებგვერდზე.
ბლუტაბლას გუნდი მომავალ წელს კიდევ უფრო ამბიციურ გეგმებს ისახავს. სტრატეგიის მთავარი ფოკუსი საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე წარმომადგენლობის გაზრდაა, რათა ქართული ხარისხი და უნიკალური დიზაინი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ხელმისაწვდომი გახდეს. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდიდან მოქმედებს საერთაშორისო შიპინგი მსოფლიოს ნებისმიერ მისამართზე.




