CNN-თან მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ანტონი ბლინკენმა თქვა, რომ არა აშშ-მ, არამედ ისრაელმა უნდა გადაწყვიტოს, ჰამასსთან ომს როდის დაასრულებს.
“ჩვენ გვაქვს ამ საკითხზე დისკუსიები ისრაელთან, როგორც ომის ხანგრძლივობაზე, ისევე იმაზე, თუ როგორ აწარმოებს ამ კამპანიას ჰამასის წინააღმდეგ. ეს საკითხები ისრაელის გადასაწყვეტია”. – თქვა ბლინკენმა.
მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ომისთვის პასუხისმგებელი ისრაელია, ომის დასრულება ჰამასსაც შეუძლია.
“მაგრამ ჰამასსაც აქვს გადაწყვეტილებები მისაღები. ხვალვე შეუძლია მოქალაქეების ზურგს აღარ ეფარებოდეს. ხვალვე შეუძლია დაყაროს ფარხმალი, დანებდეს და ეს ყველაფერი დასრულდება”. – თქვა ბლინკენმა.
ბლინკენმა ასევე დაამატა, რომ ომის დაწყების მთავარ მიზეზს ჰამასის ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს და ისრაელის სიტუაციაში მყოფი სხვა სახელმწიფოც მის მსგავსად იმოქმედებდა.
“რა თქმა უნდა, ყველას სურს, რომ ეს კამპანია რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დგას იმის წინაშე, რის წინაშეც ისრაელი დგას – ტერორისტული ორგანიზაციის, რომელიც 7 ოქტომბერს ყველაზე საზარელი გზით თავს დაესხა – და როგორც ვთქვი, ნათქვამი აქვს, რომ განმეორებით იგივეს გააკეთებდა – უნდა იმ დონემდე მივიდეს, როცა დარწმუნდება, რომ ეს არ განმეორდება”. – თქვა ბლინკენმა.
ბლინკენმა თქვა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დასრულების შემდეგ სტაბილური მშვიდობის მისაღწევად პალესტინის სახელმწიფოებრიობის გარანტიები არის საჭირო.
“როცა მსხვილი სამხედრო ოპერაცია დასრულდება, ეს არაა დასასრული, რადგან გვჭირდება გამძლე, მდგრადი მშვიდობა და უნდა დავრწმუნდეთ, რომ გამძლე და მდგრადი მშვიდობის გზას ვადგავართ. ჩვენი გადმოსახედიდან, ვფიქრობ მსოფლიოში მრავლის გადმოსახედიდან, ამან პალესტინურ სახელმწიფომდე უნდა მიგვიყვანოს”. – თქვა ბლინკენმა.
ბლინკენმა ასევე ისრაელის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა შედეგი ამას სრულად არ ასახავდეს, მაგრამ ისრაელს ნამდვილად აქვს განზრახვა, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიცვას.
“ჩვენი აზრით განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა დაეთმოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას და იმის უზრუნველყოფას, რომ ჰუმანიტარული დახმარება ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ვისაც ის სჭირდება. როგორც ვთქვი, ვფიქრობ, რომ ამის განზრახვა არის, მაგრამ შედეგები ყოველთვის არ ჩანს”. – თქვა ბლინკენმა.
გარდა ამისა, ბლინკენმა თქვა, რომ უკრაინასა და ისრაელის სამხედრო დახმარების დაფინანსების შეწყვეტა დადებითი მხოლოდ რუსეთისთვის, ირანისთვის და ჩინეთისთვის იქნება.
“მაგრამ იმ თვალსაზრისით, თუ რა შედეგი ექნება ამას უკრაინისთვის, ისრაელისთვის და ჩვენი მცდელობებისთვის, ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში კონკურენტულები ვიყოთ – ვფიქრობ, თუ დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნას კონგრესი არ დააკმაყოფილებს, ეს მხოლოდ მათ გაახარებს, ვინც მოსკოვში, თეირანში და პეკინში სხედან”. – თქვა ბლინკენმა.