აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე სიტყვით გამოსხლისას გამოეხმაურა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, საპროტესტო აქციებსა და საპარლამენტო არჩევნებს.
ენტონი ბლინკენის სიტყვებით, იგი გმობს “სასტიკ აგრესიას” და მხარს უჭერს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.
“აშშ იზიარებს ეუთოს არაერთი წევრის შეშფოთებას “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების გამო, შეჩერდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამას აქვს 2014 წლის ავის მომასწავებელი ელფერი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას – რეპრესიას მათ მიმართ, ვინც ქვეყნის ევროპულ გზაზე დარჩენისკენ მოწოდებით გამოდის – განსაკუთრებით, ჟურნალისტების მიმართ თავდასხმებისა და დაკავებების შესახებ ცნობებს”.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, საქართველოში ეუთოს დამკვირვებლებმა ნათელი მოჰფინეს “შემაშფოთებელ ცნობებს” [26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე] ამომრჩეველთა დაშინებაზე და მმართველი პარტიის მცდელობებს, საარჩევნო გარემო მის სასარგებლოდ შეეცვალა.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების” მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
შსს-ს სპეცრაზმელები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად იყენებენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს. პოლიცია ფიზიკურად უსწორდება და აკავებს არა მხოლოდ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც სამართალდამცავებს პიროტექნიკას, ქვებს, ჯოხებს და სხვა საგნებს ესვრიან, არამედ მშვიდობიან დემონსტრანტებსაც. ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც.