რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხს ხვალ 27 დეკემბერს განიხილავს. მანამდე სხდომის ჩატარება 28 დეკემბერს იგეგმებოდა.
საინიციტივო ჯგუფმა „ხარახპიცუნდამ“ (ჩვენი ბიჭვინთა) საზოგადოებას ე.წ. პარლამენტთან საპროტესტო აქციის გამართვისკენ უკვე მოუწოდა: „შევინარჩუნოთ ბიჭვითა, სხვა შანსი აღარ იქნება“, – აცხადებენ ისინი.
მოსალოდნელია, რომ სოხუმში „პარლამენტთან“ საპროტესტო აქციას ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებიც გამართავენ.
მანამდე არსებული ინფორამციით „რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმებაში“ შეცდომები იყო დაშვებული სახელმწიფო აგარაკისა და მიმდებარე აკვატორიის კოორდინატებში. „დეპუტატებთან“ შეხვედრაზე ოკუპირებული აფხახეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ კოორდინატები შეცვალა და ახალი დოკუმენტი გაგზავნა.
· 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული „ობიექტი“ ბიჭვინთაში მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
· რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს.
· რუსეთის მხარეს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
· დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე – რეკრეაციული მიზნებისთვის.
· მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
· ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.
· ოპოზიციონერებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მოითხოვეს, რომ ე.წ. პარლამენტმა არ მოახდინოს დოკუმენტის რატიფიცირება და “აფხაზეთის ლიდერმა” შეთანხმება გაიწვიოს.
· რუსეთისთვის ყოფილი ბიჭვინთის სახელმწიფო აგრაკის გადაცემის საკითხზე კომენტარი გააკეთა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, მისი თქმით საკითხის განხილვასთან თანმდევმა საინფორმაციო გაშუქებამ “ზიანი მიაყენა აფხაზურ-რუსულ დიალოგს. რუსეთი კი, მისი თქმით, „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვია“.„თუ რუსეთთან ურთიერთობა დავკარგეთ, დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას“, – აღნიშნა არძინბამ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას “არალეგიტიმურს უწოდებს”. მანამდე მან მიმდინარე პროცესს “რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმა”უწოდა, დაგმო ის და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდა.
ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეაგირებისკენ სამოქალაქო სეტორმა და პარლამენტის ცალკეულმა დეპუტატებმაც მოუწოდეს.
გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გონივრული პოლიტიკით „გააერთიანებენ ქვეყანას“. პოლიტიკოსებს, კი მოუწოდა რომ ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ არის.