ბიჭვინთის აგარაკების შემდეგ, დროებით ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს, სავარაუდოდ, ბიჭვინთის აპარტამენტებსაც გადასცემს, რაც ასევე აფხაზების უკმაყოფილებას იწვევს.
საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ასლან ბჟანიას მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა უძრავი ქონება აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის არმქონე პირებმაც შეიძინონ, აფხაზეთის დემოგრაფიას და საბოლოოდ სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს.
თუმცა, ამ კანონპროექტსაც, როგორც ჩანს, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთის “პარლამენტი” უპრობლემოდ დაამტკიცებს, რადგან ე.წ. ხელისუფლება ირწმუნება, რომ აპარტამენტების გაყიდვა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან აფხაზეთს ფული სჭირდება.
“პროექტი პარლამენტში არ შემოსულა, თუმცა ჩვენ ვიცნობთ მას. რასაკვირველია, აფხაზეთის საზოგადოებაში სხვადასხვა დამოკიდებულებაა ამ საკითხის მიმართ, მაგრამ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ და გავმიჯნოთ რეალური რისკები, ფობიები და პოლიტიკური მანიპულაციები. ეს არ არის კომერციული უძრავი ქონება და ვთვლი, რომ ჩვენთვის სასარგებლო დროული ინიციატივაა და თუ ზედმეტი პოლიტიზების გარეშე მოვინდომებთ ამ საკითხს, სერიოზულ შედეგს მივიღებთ ” – ამბობს ლაშა აშუბა, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერი.
შეგახსენებთ, რომ 28 დეკემბერს, გამთენიისას, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი ამის შესახებ ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.