„ნებისმიერ კანონს, რომელიც შეიძლება იყოს წინსვლის შემაფერხებელი ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის მიღწევისკენ, როგორიც არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რასაკვირველია, ვერ მივესალმები. რაც არ უნდა კარგი მიზნები ჰქონდეს მას, რაც არ უნდა გამჭვირვალობას ემსახურებოდეს”, — ეუბნება ნეტგაზეთს ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი რუსულ კანონზე კომენტირებისას.
„ჩემთვის ლაკმუსის ქაღალდია, როცა ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები გეუბნებიან, რომ ეს არ არის ის კანონი, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, პირიქით, ხელს შეგიშლით ქვეყნის წინსვლაში. ბევრი წლის განმავლობაში ამ ხალხს და ამ ქვეყნებს, ვგულისხმობ დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობას, ჩვენთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიათ.
ამიტომ, თუ ჩემს აზრს აქვს ვინმესთვის მნიშვნელობა, ვეტყოდი: ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში კეთდება და ხორციელდება, უნდა იყოს მიმართული ჩვენი ქვეყნის ეროვნული მიზნებისკენ და ჩვენი ქვეყნის ისტორიული მისიის შესრულებისკენ, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. სხვა არჩევანი უბრალოდ არის რუსული სამყარო, რაც არავის უნდა — არც ახალგაზრდობას და არც რომელიმე თაობის წარმომადგენელს.
ნებისმიერი რამ, რაც დაგვაშორებს ამ ჩვენს სანუკვარ მიზანს და დაგვაახლოებს მტერთან, ბუნებრივია, რომ ჩემთვის მოსაწონი ვერ იქნება“, — ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
· ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი კვლავ დააბრუნა.
· კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
· კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა და როგორც განმარტა, გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული პროექტისგან განსხვავდება იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
· ანალოგიური კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები.
· რუსული კანონის ისევ დაინიციირებას უარყოფითად აფასებს საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი – აშშ, გაერო, ევროკავშირი, ცალკეული ევროპარლამენტარები, პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და ა.შ. კანონის მიღების საწინააღმდეგო მარში გაიმართა 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.