“ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო – ინფორმაციას Bloomberg ჟენევის ფინანსური პროკურორის ვერდიქტზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ UBS Group AG-მა Credit Suisse-ისგან მემკვიდრეობით მიღებული ერთ-ერთი იურიდიული დავა მოიგო.
როგორც მედია ივანიშვილის სპიკერზე დაყრდნობით წერს, ოლიგარქი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით მსჯელობას, რომელიც აიგნორირებს მტკიცებულებებს, რომლებიც კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის მხრიდან თაღლითობის შედეგად მიღებული შემოსავლების დამალვისა და გათეთრების მზადყოფნაზე მიუთითებს,” – აცხადებს ივანიშვილის წარმომადგენელი.
მათივე ინფორმაციით, საქმის წელიწადნახევრიანი მიმდინარეობის შემდეგ, გამოძიებამ Credit Suisse-ის მიერ ფულის გათეთრების მტკიცებულებები ვერ დაინახა და ამ დროისთვის საქმე დახურულია.
გამოცემის ცნობითვე, ყოფილ ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს, ბრალად ხელმოწერებისა და კლიენტის ანგარიშის გამოწერების გაყალბება და ამის საფუძველზე ივანიშვილის ანგარიშებიდან მილიონების უკანონოდ გადარიცხვა ედებოდა. ივანიშვილის ბანკირმა თაღლითობა 2015 წელს აღიარა, მოგვიანებით კი თავი მოიკლა.
