ეს სია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (Reporters Without Borders — RSF) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იცავს პრესის თავისუფლებას და ჟურნალისტების უფლებებს მსოფლიოში.
ბიძინა ივანიშვილი ამ სიაშია ვლადერ პუტინის, ალექსანდერ ლუკაშენკოს, ილჰამ ალიევის, ალი ხამენეის, ნიკოლას მადუროს, ვიქტორ ორბანის და კიდევ ათობით გავლენიანი სახელისა და გვარის გვერდით.
„ივანიშვილის ხელში მომაკვდინებელი იარაღი მისი ბიზნესიმპერიაა“
დოკუმენტში ივანიშვილი მილიარდელ ოლიგარქად არის მოხსენიებული, რომელიც ფორმალურად პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად ძალაუფლების ცენტრად რჩება.
„მისი ბიზნესიმპერია მას გადამწყვეტ გავლენას აძლევს — მის კონტროლქვეშ მყოფი რამდენიმე კომერციული ტელეკომპანია, მათ შორის „იმედი“ და „რუსთავი 2“, ავრცელებს „ქართული ოცნების“, მისი დაარსებული პარტიის მხარდამჭერ პოზიციებს. მისი გავლენის ქვეშ ქვეყნის მედიაპლურალიზმი თანდათან კლებულობს, ხოლო დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაცია ხდება, ესხმიან მათ ძალადობრივად ან აკავებენ“, – წერია ანგარიშში.
ბიძინა ივანიშვილის დახასიათების ტექსტს, 2025 წლის ე.წ. „შავი სია“ ახლავს, რომელშიც მოხვდა:
· ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობა;
· საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაზიანება;
· დამოუკიდებელი მედიისა და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროება „ანტიკორუფციული ბიუროს“ გამოძიებების გამოყენებით;
· ოპოზიციური ტელეკომპანიების დევნა სახელმწიფოსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ.
ანგარიშის თანახმად, ივანიშვილის ხელში „მომაკვდინებელი იარაღი
მისი ბიზნესიმპერიაა“.
მეთოდოლოგია
RSF-ის ცნობით, „პრესის თავისუფლების მტრების“ 2025 წლის სია მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის ყოველწლიური ანგარიშის დამატებაა.
თუ ინდექსი ქვეყნებში პრესის თავისუფლების მდგომარეობას აფასებს, ეს სია აჩვენებს მათ, ვინც მას ფეხქვეშ თელავს.
ეს „მტრები“ დაყოფილნი არიან ხუთ კატეგორიად, ესენია:
· პოლიტიკური;
· უსაფრთხოების;
· ეკონომიკური;
· იურიდიული;
· სოციალური.
ამ სიაში მოხვდნენ ისინი, ვინც:
· სახელმწიფო მექანიზმს იყენებენ მედიის ჩასახშობად;
· ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ ან მათ საპყრობილეში ამწყვდევენ;
· ფინანსურად ანადგურებენ საინფორმაციო მედიას;
· კანონით მანიპულირებენ ჟურნალისტების დასაპატიმრებლად ან ცენზურის დასაწესებლად;
· ამ პროფესიის წინააღმდეგ სიძულვილს აღვივებენ.
„რა აერთიანებთ მათ? სიძულვილი პრესის თავისუფლების მიმართ. მათი მეთოდები განსხვავებულია, მაგრამ მიზანი საერთო აქვთ — დამოუკიდებელი მედიის ხმების ჩახშობა და საზოგადოების ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვა. მკვლელობა, პატიმრობა, დისკრედიტაცია, პროპაგანდა, ტროლების არმიები — ეს ყველაფერი სიჩუმის დასამყარებელი იარაღებია. ამ სახელების გამჟღავნება ამ სიმბოლურ დღეს გვახსენებს, რომ დაუსჯელობა გარდაუვალი არ არის. ისინი, ვინც არღვევენ ინფორმაციის თავისუფლებას, უნდა სახელდებოდნენ და აგონ პასუხი“, – წერია ანგარიშში.
კიდევ ვინ მოხვდა „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2024 წლის სიაში?
მათ შორის არიან ისინი, ვინც წლების განმავლობაში შეუჩერებლად დევნიან მედიას — ჩინეთის კომუნისტური პარტია სი ძინპინის ხელმძღვანელობით, საუდის არაბეთის მუჰამედ ბინ სალმანი, ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო.
„ყველა მათგანი 2025 წელსაც გამოირჩა ჟურნალისტებისა და მედიის დაუნდობელი დევნით“, – ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციის ცნობით, „ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF), პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობისას თითქმის 220 ჟურნალისტის სიკვდილზე არიან პასუხისმგებელნი, ბუნებრივად მოხვდნენ სიაში“.
იგივე ეხებათ მიანმარის სახელმწიფო მშვიდობისა და უსაფრთხოების კომისიას და ბურკინა ფასოს სამხედრო ხუნტას, რომელსაც კაპიტანი იბრაჰიმ ტრაორე ხელმძღვანელობს — „ორივე სტრუქტურა აქტიურად ჩაახშობს დამოუკიდებელ რეპორტიორობას“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამას გარდა, RSF-ის ცნობით, მექსიკაში, ჯალისკოს ახალი თაობის კარტელი (CJNG) 2025 წელს ქვეყნის ყველაზე ძალადობრივ კრიმინალურ ორგანიზაციად და ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მტრად იქცა ჟურნალისტიკისთვის.
მედიის ჩახშობისა და სასამართლო ზეწოლის გამოყენების გამო, 2025 წლის პრესის თავისუფლების მტერთა სიაში მოხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური კომუნიკაციების კომისიის (FCC) ხელმძღვანელი ბრენდან კარი, კამბოჯის გენერალური პროკურორის მოადგილე სენ ჰეანგი.
2025 წელს, RFS-ის დაკვირვებით, „პრესის თავისუფლების მტრები“ ასევე გამოირჩნენ ტექნოლოგიების გამოყენებით, რითაც ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება შეზღუდეს.
მათივე ინფორმაციით, „სი ძინპინი ჩინურ ჩატბოტებს სახელმწიფო პროპაგანდის გასავრცელებლად იყენებს, ილონ მასკი კი საკუთარ სოციალურ პლატფორმა X-ს ჟურნალისტებზე შეტევის ინსტრუმენტად აქცევს, ხოლო ისრაელის თავდაცვის ძალები, რომლებიც უკვე ასობით ჟურნალისტის სიკვდილზე არიან პასუხისმგებელნი, ონლაინ დისკრედიტაციის კამპანიებს ატარებენ ჟურნალისტიკის წინააღმდეგ“.
ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ევროკომისიაც გამოეხმაურა.
„დღეს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა – შეგახსენებთ, რომ მათ, ვინც ჟურნალისტებს ზიანს აყენებს, პასუხი უნდა აგონ.
როდესაც ისინი, ვინც ჟურნალისტებს აჩუმებენ, თავისუფლად დადიან, შიში ვრცელდება – და სიმართლე ქრება.
ჩვენ ჟურნალისტების გვერდით ვდგავართ და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა სიმართლე თავისუფლად გაჟღერდეს ყველგან“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ფეისბუქზე გამოქვეყნდა.
ფორუმი




