ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების” ყრილობამ საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩია. შესაბამისად, მმართველი პარტიის დამფუძნებელი პოლიტიკაში დაბრუნდა. ყრილობის საჯარო ნაწილი რამდენიმე წუთში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 14:00-ზე „ქართული ოცნება“ პარტიის ყრილობაა ჩანიშნული. მას 350-ამდე დელეგატი დაესწრება. სამუშაო რეჟიმში განხილული იქნება საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის ახალი წესდებით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში 20-ის ნაცვლად 15 წევრი აირჩევა და მათ შორის აღარ იქნებიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, თუმცა, ისინი ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტიის წევრებად დარჩებიან.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, დღეს, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა – ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი. პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე.