– დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით, თუმცა, სახეცვლილ მტერთან და გამოწვევებთან – დღეს ჩვენი ბრძოლის ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის, რაც უკეთესი მომავლის, ერთიანი საქართველოსკენ მიმავალი ერთადერთი გზაა

2012 წელს არამხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ კიდეც, თუმცა მოპოვებულ თავისუფლებას თუ არ გავუფრთხილდით, ყველაფერს დავკარგავთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში გვიშენებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ის 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებას ეხმაურება.
როგორც აღნიშნავს, დღეს ბრძოლის ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის, რაც განვითარების, უკეთესი მომავლის, ერთიანი საქართველოსკენ მიმავალი ერთადერთი გზაა.
„განვლილი 13 წელიწადი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ყოფის ლოგიკური გაგრძელებაა. 2012 წელს არამხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ კიდეც, თუმცა, მოპოვებულ თავისუფლებას თუ არ გავუფრთხილდით, ყველაფერს დავკარგავთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში გვიშენებია! საქართველოს ისტორიაც სწორედ ეს არის – მუდმივი ბრძოლა, რომელიც სხვადასხვა დროს გადარჩენისთვის თავგანწირვაში, დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ანგარიშგასაწევი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, მამულის, ენისა და სარწმუნოების – ქართველობის მთავარი განმსაზღვრელების შენარჩუნებაში ვლინდებოდა. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით, თუმცა სახეცვლილ მტერთან და გამოწვევებთან, დღეს ჩვენი ბრძოლის ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის, რაც განვითარების, უკეთესი მომავლის, ერთიანი საქართველოსკენ მიმავალი ერთადერთი გზაა. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება, ფეხი დაგვიცდეს. უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლას მუდმივი სიფხიზლე სჭირდება. რა თქმა უნდა, განვლილ 13 წელიწადში იყო შეცდომებიც, თუმცა, საბედნიეროდ, არა იმ ხარისხის, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა, არა იმ ხარისხის, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა“, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი, რომლის განცხადებასაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში