დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ – მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღვწის, ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს. ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ის 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებას ეხმაურება.
როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასება.
„ბუნებრივია, გარე გამოწვევების, რეგიონში მიმდინარე დამანგრეველი ომების ფონზე, ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმები უფრო და უფრო ხშირდება და კიდევ უფრო მძაფრი ხდება, თუმცა კონკრეტულ ძალებს უწევთ, რომ ეს არა შიდა მტრების, როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ, არამედ გარე მტრების ხელით გააკეთონ. ამ ფონზე, ქვეყნის შიგნით მოქმედი მათი დასაყრდენი აგენტები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული, ერთი შეხედვით დასუსტდნენ, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას. მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენი მოქალაქეების თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით, ან თუნდაც, ერთი ტელევიზიის სხვა ტელევიზიით ჩანაცვლება. მათ შეუძლიათ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ახალ-ახალი უცხოელი პოლიტიკოსები, ე.წ. გავლენიანი ექსპერტები გამოიყვანონ სცენაზე, რომლებიც სიცრუეში უკვე მხილებულ, მსგავსი რანგის ადამიანებს ჩაანაცვლებენ, თუმცა უჭირთ გააზრება, რომ ვეღარ მოგვატყუებენ. დღეს ჩვენი საზოგადოება გულისყურით უსმენს იდეებსა და აზრებს, ხოლო ანალიზის საფუძველზე ლოგიკურ დასკვნებს აკეთებს, რაც მთავარია, ქართველი ხალხისთვის ავტორიტეტს არა კონკრეტული სახელები და გვარები, რეგალიები ან ხელოვნურად შექმნილი გავლენიანი პოლიტიკოსები, არამედ სიმართლე წარმოადგენს!
და მაინც, გასული 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასების უნარი. ამასთანავე, უდიდესი მონაპოვარია ისიც, რომ საზოგადოება ჩვენთან ერთად გაიზარდა და თავადაც შესანიშნავად ახერხებს სწორი ანალიზის გაკეთებას, რათა ყველაფერს ერქვას თავისი სახელი. ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად წარმატებით გავანეიტრალეთ წინა ხელისუფლების მიერ, გარე პატრონებისგან ათვისებული მთავარი იარაღი – თეთრი შავად წარმოეჩინათ, შენება ნგრევად, ხოლო სიკეთე -ბოროტებად. საზოგადოებასთან ერთად, წარმატებით გავანეიტრალეთ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დამნაშავე რეჟიმს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა, ხოლო ჭეშმარიტად დემოკრატიულ ხელისუფლებას დიქტატურას უწოდებს. დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ – მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღვწის, ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს. ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი”, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი, რომლის განცხადებასაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
