ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით, ხალხთან ერთად, კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა – ირაკლი ღარიბაშვილი

ყველას კარგად გვახსოვს 2012 წლის პირველი ოქტომბრის და ისტორიული გამარჯვება, რამაც რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვალა სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში, გვახსოვს, როგორი გაუსაძლისი ვითარება იყო იმდროინდელ საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მივესალმები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობას, ჩვენს ამაყ და ღირსეულ ხალხს, მივესალმები „ქართული ოცნების“ ერთგულ ჯარისკაცებს, მხარდამჭერებს, ყველას ვინც უკვე 12 წელია, გვერდში უდგას ჩვენს პარტიას და თანამონაწილეა იმ ისტორიული ტრანსფორმაციული პროცესებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და მადლობა ერთგულებისთვის და ნდობისთვის!
დღეს დავიწყეთ რეგიონული ღონისძიებები და პირველი შეხვედრა სწორედ თქვენს რეგიონში იმართება, ამ ისტორიულ, ულამაზეს ადგილას, მცხეთაში. ყველას კარგად გვახსოვს 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები და ისტორიული გამარჯვება, რამაც რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვალა სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. გვახსოვს, როგორი გაუსაძლისი ვითარება იყო იმ დროინდელ საქართველოში, საშინელი ტერორი და შიში სუფევდა მთელს ქვეყანაში, ხდებოდა ხელისუფლების დაკვეთით შესრულებული მკვლელობები, ხალხის წამება და არაადამიანური მოპყრობა, ჩაგვრა, უსამართლობა, ბიზნესის რეკეტი, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ხდებოდა სხვა, უამრავი სისტემური დანაშაულები… ამ და სხვა უბედურებასთან და ბოროტებასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიეროვნულმა ხელისუფლებამ, თავიდან ვერ კი არა – არ აირიდა ყველაზე დიდი უბედურება – ომი! საქართველოში ჯერ დააბრუნეს ს ჯარი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დატოვა 2007 წელს, ჩააბარეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიები და მოახდენინეს მათი ოკუპაცია, დავკარგეთ დამატებით 100-ზე მეტი სოფელი, რომელიც აგვისტოს ომამდე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო, ფაქტიურად აჩუქეს, გადასცეს კოდორის ხეობა, მივიღეთ ათასობით დევნილი საკუთარ ქვეყანაში და დავკარგეთ ასეულობით ჩვენი გმირი სამხედროები, პოლიციელები, მოქალაქეები…
და ყველას გვახსოვს, ომი დამთავრებული არ იყო, გმირების ცხედრები არ ყავდათ გამოყვანილი და დაკრძალული, რუსთაველის გამზირზე შეკრიბეს ჩვენი ხალხი და აზეიმეს ეს ყველაფერი, ხოლო შემდეგ ხელი მოაწერეს მოღალატეობრივ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუციას… და რამდენიმე თვეში ისევ რუსეთს გადასცეს საკუთარი ნებით უამრავი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები, ცალმხრივად გაუხსნეს უვიზო რეჟიმი და ცხოვრება გააგრძელეს ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა, მათ და მთელმა მსოფლიომ… მალევე, ომის დამთავრებისთანავე, ჯერ დევნა დაუწყეს ჯარისკაცებს, პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს, შემდეგ სასტიკად გააძლიერეს ჩვენი ხალხის ჩაგვრა და ტანჯვა.
ქვეყანაში იყო სრული უიმედობა, უპერსპექტივობა და ნიჰილიზმი! ასევე, გვახსოვს, სააკაშვილს დაანონსებულიხედვა, რომ აშენებდა სინგაპურის მსგავს სისტემას, ოღონდ რა თქმა უნდა ეს ისეთივე სინგაპურის მოდელი იქნებოდა, როგორიც „დემოკრატიის შუქურაც“ იყო თავად… იმ დროინდელ საქართველოში არ არსებობდა არავითარი თავისუფლება, არავითარი დემოკრატია, არავითარი ევროპასთან ინტეგრაცია და ასეთი კაცი და მისი კრიმინალური ბანდა ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ 30 წელი აპირებდა, ანუ აპირებდა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ბოლომდე განადგურებას… და სწორედ ასეთ დროს, როცა ხალხს სამუდამოდ გადაწურული ჰქონდა ყოველგვარი იმედი, გამოჩნდა კაცი, რომელმაც ხალხს დაუბრუნა ეს იმედი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბატონი , რომელმაც ჯერ დარაზმა, გააერთიანა მთელი საზოგადოება და 2012 წლის პირველ ოქტომბერს გაათავისუფლა ხალხი ამ ურჩხულისგან და ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა!
მას შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა თავისუფლება და დამყარდა მშვიდობა, თავისუფლება დაუბრუნდა ხალხს!“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, „პირველი ოქტომბრის გამარჯვებამ მოიტანა ერთადერთი, უპრეცედენტო, უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამაც განაპირობა ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით“.
„ქვეყნის ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა ეროვნულ ვალუტაში, 27 მილიარდი ლარიდან 85 მილიარდ ლარამდე, განვითარება და წინსვლა გვაქვს ყველა სფეროში, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ენერგეტიკის, განათლების, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ძლიერდება დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერდებიან ძალოვანი უწყებები, რომლებიც იცავენ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, გვაქვს სერიოზული მიღწევები საგარეო პოლიტიკაშიც, ქვეყანა 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი, მივიღეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა, გაიხსნა სხვა დიდი ბაზრები, ჩინეთის 1,4 მილიარდიანი ბაზარი, რუსეთის ბაზარი, მოხდა დივერსიფიკაცია და ქვეყანა გახდა უფრო სტაბილური და სიტუაცია უფრო პროგნოზირებადი. თავისუფლების და მშვიდობის შედეგია, რომ ვითარდება დღეს ბიზნესი, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, ამასთანავე დაგეგმილია არაერთი მასშტაბური, საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების განხორციელება, და რაც მთავარია, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ყველაზე რთული კრიზისის დროს – რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე და ჯერ კიდევ მანამდეც, უამრავი დესტრუქციული და პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, რომელიც ხორციელდებოდა შიდა მტრების და გარე ძალების ერთიანი კოორდინირებული მოქმედებებით…
მადლობა ღმერთს, ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ მშვიდობა და თავიდან ავირიდეთ ომი, ქაოსი და უბედურება, განადგურებისგან ვიხსენით ჩვენი ხალხი და ქვეყანა. მეგობრებო, 26 ოქტომბერს ისევ ეს ბოროტი ძალა უპირისპირდება ჩვენს ხალხს, ოღონდ ამჯერად უკვე, სახეცვლილი, ხელოვნურად გაყოფილი და გაშლილი მრავალ ფრონტზე, ხალხის დასაბნევად და მოსატყუებლად, ამ დროს ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატიული ძალა, არ არსებობს სხვა ალტერნატიული ოპოზიცია თუ კოალიცია, არც ძველი და არც ახალი „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მათი სახელი უცვლელია – ეს არის კოლექტიური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ერთიანი ბოროტი და ანტიეროვნული ძალა, რომლის მიზანია მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნება და მხოლოდ პირადი ინტერესები, პირადი კეთილდღეობა, რომ მხოლოდ თვითონ იცხოვრონ კარგად, ისე როგორც ადრე ცხოვრობდა ეს უსამართლო-მჩაგვრელი ელიტა, მათი სურვილია ქვეყანაში კიდევ უფრო უარესი რეჟიმის შექმნა, ვიდრე მანამდე ჰქონდათ შექმნილი, სამუდამო დიქტატურის დამყარება და ხალხის ბოლომდე დაჩაგვრა და განადგურება, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და სხვა სახელმწიფოების ინტერესების გატარება და მათი მსახურება, ომი და ქაოსი… ქართველმა ხალხმა ეს უბედურება უკვე გამოცადა, უკვე ნახა თუ რამხელა განსაცდელი მოაქვს საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესების მოღალატე აგენტურის მმართველობას… ამიტომ, 26 ოქტომბერს, ისევ ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით თქვენთან ერთად, ჩვენს ხალხთან ერთად კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და აღარასოდეს აღარ უნდა მივცეთ ხალხის მჩაგვრელ ბოროტ ძალას ხელმეორედ ჩვენი ქვეყნის და ხალხის განადგურების უფლება! სამწუხაროდ, დღეს, ისევ ეს ანტიეროვნული აგენტურა აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე და გავიმეორებ, რაც ბევრჯერ თქმულა, რომ ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება აღარ უნდა მივცეთ! 26 ოქტომბერს ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის! აირჩევს კოლექტიურ ომის პარტიას ან მშვიდობის პარტიას, აირჩევს ან უცხო ძალების მსახურ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველ, ძირძველი ტერიტორიების და მიწა-წყლის გამყიდველ ძალას, ან აირჩევს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურ, მშვიდობიან განვითარებაზე მზრუნველ ძალას!
ისტორია გვასწავლის ბევრ მაგალითს, რომ ზოგჯერ ხალხი, უკეთესის ძიებაში ირჩევს უარესს, ამიტომ ჩვენ გვმართებს სიფრთხილე და გონიერება! დღეს ქართულ ოცნებას ალტერნატივა არ ჰყავს, ვინაიდან იგი წარმოადგენს ერთადერთ, პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის გარანტი! 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ყველა არჩევნებში და ისევ ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი! გაუმარჯოს საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა