ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი – სიცრუეა, თითქოს გიორგი ბაჩიაშვილი ასრულებდა საიდუმლო და სარისკო დავალებებს – უბადრუკი ტყუილია, თითქოს უკრაინის მიმართ გამოთქმული სიმპათიების გამო ხდება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა

სიცრუეა, თითქოსდა გიორგი ბაჩიაშვილი ასრულებდა ს საიდუმლო და ამავდროულად სარისკო დავალებებს. ერთის მხრივ, ასეთი დავალებები ბუნებაში არ არსებობდა, ვინაიდან დაზარალებულის საქმიანობა ყოველთვის უკავშირდებოდა ღია, გამჭვირვალე ბიზნესს. მეორეს მხრივ კი, თავად ბაჩიაშვილი ყოველთვის იყო მხოლოდ მის საქმიანობაზე ორიენტირებული, ფრთხილი ადამიანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წაქაძის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გიორგი ბაჩიაშვილს ასეთი დავალება არ დაუსახელებია და არც მტკიცებულება წარმოუდგენია საქმის განხილვის პროცესში.
„მსურს, კიდევ ერთხელ შევეხო გამოძიების პროცესში, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გაკეთებულ განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეკუთვნოდა უზრუნველყოფის გარეშე კრედიტი დაზარალებულის ბანკიდან. ისევე როგორც განცხადებები ანტიდასავლური რიტორიკის განუხორციელებლობისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო მისი დევნის შესახებ აღნიშნული განმარტებებიც არ ეფუძნება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ რაიმე მტკიცებულებას, არამედ წარმოადგენს დეზინფორმაციის საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. გამოძიების ეტაპზე განმარტებების მიცემის პროცესში, ბაჩიაშვილი შეეცადა საკითხი წარმოეჩინა იმგვარად, რომ თითქოს მას როგორც მორალურად, ასევე თურმე ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკის შესაბამისად, ეკუთვნოდა უზრუნველყოფის გარეშე კრედიტი. უზრუნველყოფის გარეშე კრედიტის მიღების ე. წ საფუძვლად გიორგი ბაჩიაშვილმა მიუთითა სამი მიზეზი. კერძოდ: ა) თითქოს მას ჰქონდა დაბალი, ბანკის საშუალო რგოლის მენეჯერის შესაბამისი ანაზღაურება; ბ) თითქოს ბიძინა ივანიშვილისათვის ასრულებდა საიდუმლო/სარისკო დავალებებს; გ) თითქოს ბიძინა ივანიშვილს დამკვიდრებული ჰქონდა არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკა, როდესაც მისი ახლობლები თუ ნაცნობები უზრუნველყოფის გარეშე იღებდნენ საბანკო კრედიტებს. არცერთი ზემოაღნიშნული ე.წ საფუძველი არ შეესაბამება სინამდვილეს და შესაბამისად, საქმის მასალებითაც დასტურდება საპირისპირო.
თანაინვესტირების ფონდში, ბაჩიაშვილი წარმოადგენდა მენეჯერს, რომლის ხელფასი რამდენიმეჯერ აღემატებოდა მაგალითად „ბანკი ქართუს” გენერალური დირექტორის ხელფასს. უფრო მეტიც, მას გააჩნდა ყველაზე მაღალი ხელფასი, რაც იმ პერიოდში ჰქონდათ წამყვანი ფინანსური დაწესებულებების ტოპ-მენეჯერებს საქართველოში. ამასთან, უშუალოდ ხელფასის გარდა, იღებდა დამატებით ანაზღაურებას/ბონუსებს, რაც ცხადყოფს ბაჩიაშვილის ამ მსჯელობის უსაფუძვლობას.
სიცრუეა ისიც, რომ თითქოსდა ბაჩიაშვილი ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო და ამავდროულად სარისკო დავალებებს. ერთის მხრივ, ასეთი დავალებები ბუნებაში არ არსებობდა, ვინაიდან დაზარალებულის საქმიანობა ყოველთვის უკავშირდებოდა ღია, გამჭვირვალე ბიზნესს. მეორეს მხრივ კი, თავად ბაჩიაშვილი ყოველთვის იყო მხოლოდ მის საქმიანობაზე ორიენტირებული, ფრთხილი ადამიანი. ამიტომ სიცრუე და აბსურდია რაღაც საიდუმლო და რისკიან დავალებებზე საუბარი მისი მხრიდან. ცხადია, არც რაიმე დავალება დაუსახელებია ასეთი ბაჩიაშვილს და არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია საქმის განხილვის პროცესში.
კიდევ ერთი ცრუ გარემოება, რომელზეც აპელირებს ბაჩიაშვილი, არის თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკა, როდესაც მისი ახლობლები თუ ნაცნობები უზრუნველყოფის გარეშე იღებდნენ საბანკო კრედიტებს. აღნიშნული ტყუილიც გამოვლინდა გამოძიების პროცესში, რადგან პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ დაახლოებით ოც წლიან (თუ მეტი არა) პერიოდში არცერთი ბიზნეს კრედიტი არ არის გაცემული უზრუნველყოფის გარეშე მესამე პირზე და ამავდროულად, შემდგომში უზრუნველყოფილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონებით“, – წერს ადვოკატი.
მისივე განცხადებით, ბაჩიაშვილი, რომელსაც საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ გააჩნია, ყველანაირად ცდილობს, სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლას და პოლიტიკურ განცხადებებზე დაცვის სტრატეგიის აგებას.
„რთულ ვითარებაში მყოფი, მისი პოზიციის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არმქონე ბაჩიაშვილი, ყველანაირად ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და ე. წ დაცვის სტრატეგია ააგოს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე. ასევე, ეყრდნობა თითქოსდა „მორალურ საფუძვლებს“ (კაცი, რომელიც კრედიტის სათხოვნელად მიდის სხვა ადამიანთან და ამ საუბარს იწერს!) იმის სამტკიცებლად, რომ მას კრედიტი ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილისგან და რომ ამჟამად „ისჯება“ მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამ ,,სერიიდან“ არის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მან უარი განაცხადა ანტიდასავლურ რიტორიკაზე, მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოს და თურმე ამის გამო ისჯება. ასევე, განცხადებები თითქოს მის მიერ წარმოდგენილმა „გერმანულმა დასკვნამ“ აუდიო ჩანაწერის შესახებ, თითქოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კითხვებზე პასუხის გაუცემლობამ, დაადასტურა მისი პოზიციების სისწორე“, – წერს ადვოკატი.
ადვოკატის თქმით, ასეთივე „უბადრუკი ტყუილია, რომ თითქოს უკრაინის სახელმწიფოს მიმართ გამოთქმული სიმპათიებისა თუ მხარდაჭერის გამო ხდება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა“.
„ადრეც განვმარტე საზოგადოებისათვის, რომ ბაჩიაშვილი არასოდეს დაინტერესებულა პოლიტიკით და არ გამოუხატავს მისი პოლიტიკური შეხედულებები. პოლიტიკური შინაარსის ერთ შეკრებასაც კი არ დასწრებია, ვიდრე ეს ჩათვალა აუცილებლად იმისთვის, რომ რამენაირად მოეხდინა მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაცია. აქედან აშკარაა, რომ ბაჩიაშვილის „თანაგრძნობა“ ვინმეს ან რამის მიმართ არის ფასადური, მხოლოდ მისი პირადი ინტერესებით გამოწვეული მოვლენა. ვერავინ ნახა და არც ბაჩიაშვილს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ გამოძიების დაწყებამდე, მან რაიმე პოლიტიკურად აქტიური ქმედება განახორციელა. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, საქმე გვაქვს ,,სტრატეგიულ დეზინფორმაციასთან“, რომელსაც სამართლიანობასთან და სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს“,- წერს ადვოკატი.
ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა დირექტორმა, მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მის მიმართ პრეტენზია გაჩნდა მას შემდეგ, რაც „ივანიშვილს ანტიდასავლურ რიტორიკაში არ გაყვა“.
„როდესაც ზაზა შათირიშვილმა პირველი ანტიდასავლური პროპაგანდა გაავრცელა, ჩემგან უნდოდა ამის გავრცელება. ამაზე უარი ვუთხარი. შემდეგ იფიქრა, რომ „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება” და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო. ასევე მის გარშემო ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც ში ს შეჭრას ვგმობდი“, – აღნიშნა ბაჩიაშვილმა.