თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დახურულ სხდომაზე დაკითხვა დასრულდა.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ მისმა წარმომადგენელმა, ადვოკატმა თემო წიქვაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მისი კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
„დღევანდელი დაკითხვის შედეგად კვლავ დასტურდება ჩვენი მხარის პოზიცია, რომ რეალურად, ადგილი ჰქონდა ჩემი მარწმუნებლის კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას. სხვა გარემოება დღევანდელი დაკითხვიდან გამომდინარე არ გამოკვეთილა.
ფაქტი შემიძლია დავადასტურო. თქვენც იცით როდის დაიწყო სასამართლო სხდომა, თავდაპირველად რამდენიმე შუამდგომლობის განხილვა იყო, რაც ნახევარი საათი გაგრძელდა, 1 საათზე ცოტა მეტი დასჭირდა ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას. ამ დროის გასვლის შემდეგ, არც ბრალდებას და არც დაცვის მხარეს, როგორც პატივცემულ წარმომადგენლებს და პატივცემულ გიორგი ბაჩიაშვილს მეტი კითხვა არ ჰქონიათ. ეს ჩემი აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ საკითხი ძალიან მარტივადაა, ყველა გარემოებით, მტკიცებულებებით, ჩვენებებით დასტურდება, რომ ინვესტორი ამ საქმეში ჩემი მარწმუნებელია. როდესაც არ გაქვს ფული, არ გაქვს უზრუნველყოფა და საკუთარ თავზე არ იღებ ინვესტიციიდან გამომდინარე რისკებს, ვერავინ დაგიძახებს ინვესტორს“, – განაცხადა წიქვაძემ.
