,,ბიძინა თავისიანებს ეუბნება: ძრწოდეთ! ხვალ თქვენ შეიძლება დაიხრჩოთ საკუთარ სისხლში!” – ლევან ლორთქიფანიძე

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:
,,ქვეყნის ყოველდღიურობა კოშმარად გვიქციეს; დამცირება, შეურაცხყოფა, ტანჯვა, ცრემლი, უსამართლობის აუტანელი განცდა ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.
სულ რამდენიმე თვის წინ ძალაუფლების ზენიტში მყოფი კაცი დღეს სისხლში ცურავს და სიცოცხლისთვის იბრძვის, არავინ იცის ხელისუფლების გუშინდელი ფავორიტი რომელ კლანურ გარჩევას, რომელი ბინძური ფულის გადანაწილებას შეეწირა. ივანიშვილი ბიძინა თავისიანებს ეუბნება: ძრწოდეთ! ხვალ თქვენ შეიძლება დაიხრჩოთ საკუთარ სისხლში!
სიკვდილის პირას მყოფი (ღმერთმა გადაარჩინოს!), ყოფილი ლიდერის მიერ დანიშნული მინისტრები კონცერტებიდან ვიდეოებს აქვეყნებენ (!!!!), მის მიერ დაწინაურებული ჩინოსნები აჭარის ექს-პრემიერთან კავშირს უარყოფენ. გუშინ ვისაც ნახევარღმერთად აცხადებდნენ, დღეს იმ ადამიანის თვითმკვლელობის მცდელობასაც კი არაფრად აგდებენ. ესეც ღირსება და ტრადიცია!
მთელს ერს თვალში ნაცარს გვაყრიან და უნდათ, რომ სიგიჟე დავიჯეროთ. ბავშვმაც კი იცის, რომ “ზარალამ” კაპიტალის დაგროვება იარაღით ხელში დაიწყო; ბ-ნმა რამიშვილმა, განგსტერმა-კაპიტალისტმა იარაღთან ურთიერთობა ისე კარგად იცის, როგორც მე გფრ-ის პარტიული სისტემისა და პოლიტიკური ისტორიის ზოგიერთი ასპექტი… ჰოდა, თურმე ამ ლამის იარაღთან ერთად დაბადებულ კაცს სურდა შოთა რუსთაველის და დე გოლის აეროპორტებში იმ პისტოლეტის შვიდიათას რენდგენზე გადაპარება, რომლის ტარების უფლებაც კი არ აქვს… “ზარალა” ბიძინასგან შედარებით დამოუკიდებელი ფიგურაა, რომელიც ტლუ “ბიზმესმელების” შეკრებაზე კითხვების დასმას ბედავს, ეს არის და ეს!
მუსიკოსებს უცენზურო ტექსტის წაღიღინების გამო ქუჩაში ხვდებიან და თავ-პირს უერთიანებენ, ძალადობის ვიდეო სოც.ქსელებით ვრცელდება, მოძალადეები თავისუფალნი არიან.
უამრავი აქტივისტი, მათ შორის ლამის ბავშვები “ნულოვანი ტოლერანტობის” ახალი პოლიტიკის მსხვერპლნი არიან, მათ ადმინისტრაციული სასჯელისა და ყურის აწევის ნაცვლად მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, ვიღებთ ცნობებს ოჯახის წევრთა გულების დახეთქვის (პირდაპირი მნიშვნელობით) შესახებ…
შესანიშნავ ქალს, რომელიც დაბრმავების ზღვარზეა, მამლაყინწის ნიკაპის შეფაკვლისთვის ციხეში ალპობენ.
ყველა ოპოზიციონერი ლიდერი აბსურდული ბრალდებით ციხეშია გამომწყვდეული (ვერც ერთს ვერ ვიტან დასანახავად. უბრალოდ, აშკარაა დევნა პოლიტიკური ნიშნით და არა სამართლის უზენაესობის აღსრულების სურვილი).
პოსტების, მესიჯების, ხუმრობების გამო ხალხს სასამართლოებში უხმობენ, ათობით ათასი ლარით აჯარიმებენ.
ნაცების სასკოლო პოლიციისა და რეპრესიების წინამძღოლი შს მინისტრია, ადეიშვილის მოადგილეს განათლება ჩაბარდა, თემიდას ხმლით გირგვლიანის ხელმეორედ მწამებელი მოსამართლე მართლმსაჯულების სახეა, მერაბიშვილის ოჯახის ადვოკატი და ნანუკა ჟორჟოლიანთან მოლაქუცე კაცმაცუნა პარლამენტარიზმის მეტრად გვევლინება.
რაც მთავარია, ნახევარი წელიწადია გაფიციულია ქალაქი ჭიათურა, ჭიათურელთა დასაშანტაჟებლად ოთხი ტყვე ჰყავს პოლიციას აყვანილი, რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ზოგიერთს პირი აქვს ამოკერილი… ხალხი ითხოვს, რომ უზნეო რუსმა ოლიგარქმა ყვირილითა და მაგიდაზე ხელის ბრახუნით არ გადაწყვიტოს საქართველოს ერთ-ერთი უკანასკნელი ინდუსტრიული ქალაქია ბედი; რომ ქვეყანას ჰქონდეს თავისი ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც მშრომელთა სოციალურ საჭიროებებსა და გარემოსდაცვით საკითხებსაც გაითვალისწინებს. ხელისუფლება კი დუმს!!! “შალიკო ჯამტლეკიაშვილს” ის უფრო აინტერესებს რა მნიშვნელობა აქვს გერმანიის ელჩისა და ბორჯომელი გედონ სპილეტის გასაუბრებას “დიპსტეიტის” კონვულსიებზე.
სად არის ღირსების შეგრძნება? სად არის სინდისი, თუნდაც ძაძებში შემოსილი, ნაგვემი და კუთხეში მიგდებული? ამ შხამში ვინ გრძნობს თავს მშვიდად და ბედნიერად?
ეს კოშმარია! “ქართული ოცნების” მიერ მოტანილი კოშმარი, დანგრეული სახელმწიფო! ზიზღის, შურისძიების, ღირსების აყრისა და ჩაგვრის საუფლო!
არ შევეგუოთ! როგორც ივანიშვილს უნდა, ეგრე ვერ იქნება! სულ ეგრე ვერ იქნება!