“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:
ბიძინას და კობახიძის ურთიერთობაზე ხო სულ სხვადასხვა ვერსიები დადის და გუშინ საერთოდ ახალი ვერსია მითხრეს. აბა თქვენც მითხარით, რამდენად რეალისტურია ეს ვერსია. ცოტა ჩახლართულია, ძლივს დავილაგე მეც ყველა კომპონენტი და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოგიყვებით თქვენც. ცხადია, უბრალოდ ჰიპოთეზაა, ყოველგვარი წყაროების გარეშე, რამდენიმე ადამიანის წარმოსახვის ნაყოფი, რომელიც მთელ ფაზლში ცარიელ ადგილებს ავსებს. ჰო, თუ გგონიათ, რომ ბიძინა ყოვლისშემძლეა და ყველა წერტილს აკონტროლებს, თქვენთვის ეს ვერსია მისაღები არ იქნება. 1. ბიძინას დასავლეთთან სრული წყვეტა არ აწყობს. როგორც კი სრულად წყდები დასავლეთს, რუსეთი უფრო იოლად გმართავს, იმიტომ რომ სავაჭრო არაფერი გრჩება და ხდები კადიროვი, რომელსაც თავში წამოარტყამს პერიოდულად პუტინი. იმავე დროს, ბიძინას არ სჭირდება ისეთი დასავლეთი, რომელიც კარგ სასამართლოს და სისტემებს მოსთხოვს. ისე უნდა რა, ალიევივით რომ იყოს, ხან რუსეთი შეაშინოს ევროპასთან ურთიერთობით, ხან ევროპა რუსეთთან ურთიერთობით და თვითონ მეტნაკლებად დამოუკიდებელი დარჩეს. 2. რუსეთს აწყობს სრულად დამოკიდებული ბიძინა, რომელსაც დასავლეთისკენ გახედვის უფლებაც კი არ ექნება. და კიდევ უფრო მეტად აწყობს – პირდაპირ “ნამესტნიკი”, მის მიერ ხელდასმული, ერთგული ადამიანი. კაგებეში საქართველოს კურატორს არ უნდა სჭირდებოდეს ამდენი ძალისხმევა, რომ თავის წილებთან მიაღწიოს. 3. კობახიძის მამა რუსების აგენტი იყო. ამბობენ, რომ შვილიც იმავე სულისკვეთებით გაზარდა. ასევე ბევრი ამბობს, რომ კობახიძეს კორუფცია არ უყვარს და არსად არ ჩანს მისი ფული, მაგრამ სასტიკად უყვარს ძალაუფლება. იმავე დროს, ის კაცი მართავს, რომელიც ყველას იცილებს, ვინც გაძლიერდება. ანუ კობახიძემ წინა პატერნების მიხედვით იცის, რომ როგორც კი გაძლიერდება, ბიძინა მოიცილებს. იმავე დროს, ღარიბაშვილ-ლილუაშვილისგან განსხვავებით, კობახიძეს არც მეგობრები ჰყავს, არც დასაყრდნობი წრე, და არც ბევრი ფული. შესაბამისად, ბიძინას წინაშე ჯერჯერობით ის ძალიან სუსტია. 4. თუ ძალაუფლება ძალიან გიყვარს, მაგრამ ზუსტად იცი, რომ 2-3 წელიწადში მოგიცილებენ, რა უნდა ქნა? თან საერთაშორისო კარიერაც გაგინადგურდა, all-in ხარ ამ კარიერაში. ერთი გამოსავალია – უნდა დაასუსტო ის, ვინც გმართავს და უფრო ძლიერ ძალას შეეკრა, რომელსაც იგივე მიზანი აქვს. ფაქტია, ბიძინა იოლად მართავდა ღარიბაშვილს და ლილუაშვილს – მიშვებული ჰყავდა საძოვრად, იმათაც ამბიციები არ აწუხებდათ და ერთგულები იყვნენ. არასდროს პრობლემას არ შეუქმნიდნენ ბიძინას. კობახიძე კი სხვა შემთხვევაა. 5. როგორ დასუსტდა ბოლო თვეებში ბიძინა? ყველა შემოაცალეს, ვინც სიკვდილამდე მისი ერთგული იქნებოდა. დაიჭირეს ისეთი ხალხი, ვინც არასდროს მის წინააღმდეგ არ წავიდოდა. და ამწუთას კობახიძის გაშვება რომ მოინდომოს, ერთი სერიოზული კანდიდატურა არ ჰყავს ბიძინას, ვისაც ენდობა და მართვის უნარი აქვს. ბიძინას მკაფიოდ გადაუჭრეს ყველა გზა როგორც დასავლეთთან, ისე ჩინეთთან და თურქეთთან (პირველთანაც და მეორესთანაც რაღაც უცნაური გაუგებრობები ჰქონია, არ ვიცი მეც ზუსტად და თურქეთის თემა რიჟვაძესთან არის დაკავშირებულიო). დაასანქცირეს და ფულის მესამედი გაყინული აქვს. რაღაც უცნაური ამბავი მოხდა ფარცხალაძესთან, რომელიც რუსეთთან ულაგებდა საქმეებს და ქურდის ძმის მკვლელობამაც შარში გახვია. იქეთ ბაჩიაშვილის ამბავი ციხის უფროსიანად. ლილუაშვილ-ღარიბაშვილის გაფარჩაკებამაც ძალიან დაარტყა მის ერთგულებას – ეს ორი ადამიანი ბიძინას მმართველობის ბოძებად ითვლებოდნენ და მისი მომხრეებიც ცოტა გაოგნებული არიან. 6. გახსოვთ, მდინარაძემ საერთაშორისო სკანდალში რომ გახვია, ამერიკული მოსახლეობა ანტიჩინურ მოძრაობას აფინანსებსო? სახდეპს არც ვახსოვდით და ისეთი ქნა, ელჩი დაიბარეს და წამოარტყეს, ვერა ხართ თქვენო. ანუ თუ ამერიკასთან რაიმეს დალაგების იმედი ჰქონდა, ფაქტობრივად წაუშალეს – უკვე ჩაინიშნა სახდეპმა, რომ საქართველოს მმართველობა ან იდიოტია, ან მავნე. მდინარაძის სისულელეზე ბევრი ვიცინეთ. მაგრამ ამ ვერსიის ავტორებმა მითხრეს, რომ სულაც არაა ეგეთი სულელი და სპეციალურად გააკეთა ეგ. 7. თუ დააკვირდებით ძირძველი ქოცების ისტერიას ბოლო თვეებში, სულ ეს ხაზია: ბატონო ბიძინა, ნუ ენდობი კობახიძე-მდინარაძის ტანდემს, რაღაცას გიჩალიჩებენ. მთლად ასე არ წერენ, ცხადია, მაგრამ ეს ისმის მათი სასოწარკვეთილი ტექსტებიდან, რადგან ზუსტად იციან – დამოკლეს მახვილი ჰკიდია მათ თავს. აგერ ლაგი-კაპიტალის ამჟამინდელი მფლობელები რომ დაიჭირეს და აბრალებენ – 2023 წელს ტენდერში გასამარჯვებლად დოკუმენტები გააყალბესო, ეგ ხალხი საერთოდ არ იყო მაგ დროს, ზარქუას სიძეს ეკუთვნოდა კომპანიის 50%. თუ დოკუმენტები გააყალბეს, მხოლოდ პირველი ტენდერისთვის მოხდებოდა და მერე წავიდა ლიწინ-ლიწინით. ანუ ზარქუას სიძემ გაყალბებული დოკუმენტებით მოიგო 47 მილიონის ტენდერები და შემდგომ მფლობელებს უკვე იგივე დოკუმენტები ექნებოდათ. ანუ ზარქუაც შიშის ქვეშ იქნება. 8. ძალიან უცნაურად შემოაგდეს ეს განათლების კონცეფცია. როგორც მითხრეს, განათლების ხარისხის ცენტრს შეტანილი აქვს ისევ EQAR განაცხადი და ევროპელი ექსპერტების ჩამოსვლას ელოდება. ამ განაცხადის შეტანა უზარმაზარი საქმეა. და უცებ კობახიძე თავზე აფარებს ამ კონცეფციას, რომლის მიხედვით არათუ EQAR არ მისცემს წევრობას, არამედ შეიძლება კიდევ ბევრი საერთაშორისო თანამშრომლობიდან ამოვარდნენ და ევროპასთან განათლების ჰარმონიზაციის თემა ბევრად გააუარესონ. დავიფიცებ, რომ ამ კონცეფციას განათლების ყველაზე ცუდი ექსპერტის ხელიც კი არ ეტყობა. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ იყო ხარისხის ცენტრი ჩართული ამ კონცეფციის შემუშავებაში. 9. თუ ძალაუფლების განმტკიცება გინდა, მაგრამ არც კაი ტიპი ხარ, არც დიდი სამეგობრო გყავს, არც დიდი ფული გაქვს და სხვებსაც უზღუდავ დიდი ფულის შოვნის წყაროებს – რა გზა დაგრჩა? როგორ უნდა გაძლიერდეს შენი კულტი, როცა ბიძინას კულტი ლამის პატრიარქისას უტოლდება უკვე? თუ ამ რეფორმას გაიტანენ, კობახიძის კულტი აკადემიას დაეყრდნობა – ეყოლება ორასი ერთგული სრული პროფესორი და მათ დაქვემდებარებული 400 ასოცირებული და 2000 ასისტენტ-პროფესორი, დაიმორჩილებს კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ლექტორს, ყველა დირექტორი მის ხელში იქნება. ამასთან, რუსეთის მოწინააღმდეგე ყველა ადამიანს ან ქვეყნიდან გააქცევს, ან აგენტად ჩაწერს და ყველანაირად შეზღუდავს, ან წლობით დააპატიმრებს. ანუ მის ხელთ დარჩება ასი ათასი ქართველი ახალგაზრდა, რომელსაც 2-3 წელიწადში სრულად მოდრეკს. მოკლედ, ავტორების საბოლოო დასკვნა ასეთია: კობახიძე რუსეთთან მუშაობს ბიძინასგან განსხვავებულ ხაზზე, რომ რამდენიმე წელიწადში შეძლებისდაგვარად დაასუსტოს ბიძინა და მერე მდიდარი ბიზნესმენის ადგილი მიუჩინოს (საუკეთესო შემთხვევაში), როგორც სააკაშვილის დროს იყო. მდინარაძე კი კობახიძეს ზურგს უმაგრებს. რუსეთსაც ძალიან აწყობს სრულად მორჩილი ნამესტნიკი, რომელიც დიდი ფულით ვერ დაიცავს თავს და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არასდროს მიიღებს. ძალიან მაინტერესებს თქვენი შეფასებები – სრული ბოდვაა ეს ვერსია თუ აქვს არსებობის უფლება სხვადასხვა შესწორებებით? ვისაც რეალისტური გგონიათ და რამე დამატებითი ბიჯი გაქვთ, იმასაც ჩავამატებ. ეგ ძირძველი ერთგული ქოცები ამ პოსტზე კი არ შემოიხედავენ, მაგრამ მათი აზრი იქნებოდა ყველაზე საინტერესო – დასაცავი ხომ არ ჰყავთ ბიძინა?
