მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში კლება დაფიქსირდა. ,,კომერსანტი“ დაინტერესდა, რა გზებით იქნება შესაძლებელი დეფიციტის შევსება. კითხვით ეკონომისტ რამაზ გერლიანს მივმართეთ. მისი შეფასებით, ბიუჯეტში შემოსავლების შემცირების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში დანაკლისის შევსება მხოლოდ ვალის აღებით იქნება შესაძლებელი. რამაზ გერლიანი ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალის აღება, თუმცა შიდა ვალი ბოლო მონაცემების მიხედვით ძალიან გაზრდილია. ეკონომისტი განმარტავს, რომ შიდა ვალის აღებით საინვესტიციო პოტენციალი მცირდება, რაც გამოშვების შემცირებას გამოიწვევს.
,,ბიუჯეტში შემოსავლების შემცირების შემთხვევაში მხოლოდ ერთადერთი მიდგომა არსებობს. ეს გახლავთ ვალის აღება. ალბათ, რაღაც ნაწილს ისევ შეძლებენ, რომ საგარეო ვალი აიღონ, მაგრამ შიდა ვალის კოლოსალური ზრდა გვაქვს. შიდა ვალის ზრდა ერთ-ერთი გამოძახილი არის შიდა ინვესტირების პოტენციალის შემცირების. შიდა ვალის აღება ხდება შიდა დანაზოგების შემცირების ხარჯზე. ანუ დანაზოგი ჩნდება და ამ დანაზოგიდან ან ინვესტირება უნდა მოხდეს ან უნდა წაიღო ბიუჯეტში ვალის სახით. შიდა ვალი ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ისესხოს კერძო სექტორისგან. ბოლო მონაცემებით, შიდა ვალი 8 მილიარდამდე იყო წასული, რაც რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდს რომ შევადაროთ 6-ჯერ მეტიც კი არის. იმდენად არის გაზრდილი შიდა ვალი, რომ ქვეყნის შიგნით პოტენციურ ინვესტიციას წაართვა შესაძლებლობა, რაც შემდეგ გამოშვების კლების ან გამოშვების ტემპის კლებაში გამოიხატება.’’- აცხადებს რამაზ გერლიანი.
ბიუჯეტში დეფიციტის შევსების მეორე გზა პრივატიზაციაა. ეკონომისტი ამბობს, რომ ამ მიმართულებით უკვე წლებია ჩავარდნა გვაქვს, რის გამოც დანაკლისის შევსებას აქტივების გაყიდვით ვერ შევძლებთ.
,,მეორე გზა, რითაც ბიუჯეტის დეფიციტის შეიძლება დაფინანსდეს არაფინანსური აქტივების კლებით. ე.წ. პრივატიზაციას რასაც ვეძახით, ანუ აქტივების გაყიდვა. ამ ნაწილში ჩვენ ჩავარდნილი გვაქვს პოლიტიკა. რამდენიმე წლის მანძილზე (პირობითად ბოლო 15 წელი ვთქვათ) სულ 300 მლნ.-ზეა საუბარი გეგმით და ეს გეგმა ვერასდროს ვერ სრულდება. აქედან არ უნდა ველოდოთ, რომ რაღაც დაბალანსება მოხერხდება.’’- განმარტავს რამაზ გერლიანი.
კიდევ ერთი გზა გრანტებია, თუმცა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საერთაშორისო დახმარებისა და გრანტების მოზიდვის შესაძლებლობები კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ეკონომისტი რამაზ გერლიანი ამბობს, რომ ბიუჯეტში დანაკლისის არსებობის შემთხვევაში მისი შევსება მხოლოდ ვალით იქნება შესაძლებელი. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ შემოსავლების დანაკლისის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში საჭირო გახდება ბიუჯეტის ვალით შევსება.
,,საერთაშორისო დახმარების ნაწილში (საგრანტო ნაწილში) ჩავარდნა გვაქვს. პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მწვავე დეფიციტი გვაქვს. შესაბამისად, ერთადერთი გზა რჩება ვალის აღება, როგორც საერთაშორისო დონეზე ასევე შიდა დონეზე, თუ ბიუჯეტს ამისი საჭიროება შეექმნება. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდება დიაც, ბიუჯეტს შეექმნება ამის საჭიროება, რომ დეფიციტი შეავსოს ვალის ხარჯზე.’’- აცხადებს ეკონომისტი.
