ბიუჯეტს პენსიის მეტად ზრდის შესაძლებლობა არ აქვს – მოსაზრება

საქართველოში პენსია ყოველწლიურად იზრდება, თუმცა დღევანდელი ეკონომიკური პირობების და ფასების გათვალისწინებით თანხა არასაკმარისია, მაგრამ ეკონომისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ბიუჯეტს პენსიის მეტად ზრდის შესაძლებლობა არ აქვს.
საინტერესოა, რამდენი უნდა იყოს პენსია, რომ პენსიონრებმა საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლონ?
მომავალი წლიდან 70 წლამდე პენსიონერებისთვის ასაკობრივი პენსია 350 ლარი გახდება. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერები 450 ლარს მიიღებენ.
რაც შეეხება სხვა ასაკობრივ კატეგორიას, ბიუჯეტის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება.
რა თქმა უნდა, პენსიის ზრდა ძალიან კარგია, მაგრამ თანხა არასაკმარისია, ამიტომ საიტერესოა, რა არის ის მინიმალური ზღვარი, რითაც პესიორები ელემენტარული მოთხოვების დაკმაყოფილებას მოახერხებენ. მოთხოვები ყველასთან სხვადასხვაა, მაგრამ საშუალო თანხის გამოთვლა ასე თუ ისე მაინც შესაძლებელია.
როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ განაცხადა, ელემენტარული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად პენსია დაახლოებით 200 ლარით მეტი უნდა იყოს, მაგრამ ბიუჯეტს რისი შესაძლებლობაც აქვს, ისე ხდება გადანაწილება.
„თუ რამდენი შეიძლება იყოს საკმარისი, აქ ასპექტებია გასათვალისწინებელი. რეალური სიღარიბის ზღვარი, დღევანდელ პირობებში რაც არის, რომ ადამიანმა შეძლოს მინიმალური სტანდარტებით სოციალურად აქტიური ფუნქციის შესრულება და ეს გაცილებით მეტია, ვიდრე საარსებო მინიმუმი, რომელსაც სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მეც მათ შორის, თანხმდებიან, რომ ახლანდელი ფასების პირობებში, საარსებო მინიმუმი შრომისუნარიან მამაკაცზე გათვლით დაახლოებით უნდა იყოს 700-დან 750 ლარამდე. ეს არის ის მინიმუმი, რითაც ადამიანმა თვიდან თვემდე მინიმალურ დონეზე იარსებობს, თუმცა პენსიონერთა შემთხვევაში და იმის გათვალისწინებით, რომ თუ მათ არ უწევთ ხშირი მგზავრობა, ნაკლებად მობილურები არიან და სხვა ყოველდღიურ ხარჯებსაც გამოვრიცხავთ, მაშინ, ეს თანხა დაახლოებით შეიძლება რომ იყოს, 15-20%-ით ნაკლები.
არის მეორე კრიტერიუმიც, როგორი უნდა იყოს წელგამართული, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, პენსიის თანაფარდობა. პენსიის ოპტიმალური თანაფარდობა არის დაახლოებით 35-40% ნეტო ხელფასთან. ახლა ხელფასი თითქმის გადასცდა 2000-იან ზღვრულ მიჯნას, მაგრამ საშემოსავლოს 20%-ს თუ გამოვაკლებთ, გვრჩება 1 600 ლარი. ამ 1 600 ლარის 35%-ის ფარგლებს თუ ავიღებთ, აქაც გავდივართ სადღაც 540-550-ლარიან მიჯნაზე. ანუ, იმ საბაზრო პენსიას (350 ლარი), რომელიც იქნება მომავალი წლიდან, დაახლოებით 200 ლარი აკლდება იმისთვის, რომ შედარებით განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების ადეკვატური პროპორციებით იყოს გაანგარიშებული, მაგრამ ჩვენს ბიუჯეტს რისი საშუალებაც აქვს, იმის განაწილება ხდება.
რაც უფრო განვითარდება ეკონომიკა, მით უფრო მეტი საშულება ექნება სახელმწიფოს, რომ სრულად დააკმაყოფილოს პენსიონერთა საჭიროებები”, – ამბობს სოსო არჩვაძე.
მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი კეთდება 2030 წელზე. რამდენად შესაძლებელია ამ ყველაფრის მიღწევა 6 წელიწადში, დასძინა, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეკონომიკის ზრდის და განვითარების დინამიზმზე.
„სახელმწფოს აქვს აღებული ვალდებულება, რომ პენსია უნდა გაიზარდოს იმაზე მეტად, ვიდრე არის ინფლაციის ტემპი. რეალურად გაზომილებაში პენსიონერთა რეალური შემოსავალი უფრო სწრფად უნდა მატულობდეს, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა. ეს აბსოლუტურად სწორი და გამართლებული სოციალური პოლიტიკაა. როდის გავალთ ამ ნიშნულზე, ეს დამოკიდებულია ეკონომიკური ზრდის ტემპზე და იმ მშვიდობიან გარემოზე, რომელიც აუცილებელია მაკროეკონომიკური განვითარებისთვის.
ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის ტენცენციას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ, ადვილად შესაძლებელია 2030-წლისათვის საშუალო ევროპული დონის საპენსიო სისტემა გვქონდეს. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ ორი გარემოება. ერთი – წმინდა ეკონომიკური და მეორე – სოციალური. პენსიონერთა საკმაოდ დიდი ნაწილი ცხოვრობს ოჯახის სხვა წევრებთან ერთად და მათი მოხმარება ერთობლივი მოხმარების ეფექტის გათვალისწინებით იზრდება დაახლოებით 70-75%-ით. მათ რომ ცალკე ეცხოვრათ, მათი კეთილდღეობის დონე იქნებოდა გაცილებით ნაკლები”, – ამბობს არჩვაძე.
საქართველოში 840 000-მდე პენსიონერია და მაგალითად, წინა წლის მონაცემებით 2023 წლის განმავლობაში პენსიის სახით 3 303 646 156 ლარი გაიცა. 2024 წელს გაცემული თანხა მეტი იქნება, პენსიის მატების გათვალისწინებით.
კიდევ ერთი სტატისტიკოსის გივი მომცელიძის განცხადებით, მოთხოვნებში სხვადასხვა კრიტერიუმია გასათვალისიწნებელი, რადგან ყველას სხვადასხვა მოთხოვნა აქვს, მაგრამ საქართველოში დაახლოებით ისეთი პენსია უნდა, როგორიც არის პოსტსოცალისტურ ქვეყნებში.
„დღევანდელ პენსიაზე ვერ ვიტყვით იმას, რომ კარგია. შესაბამისად, ჯობია, რომ მეტი იყოს. რამდენი ლარია საჭირო პენსიონერთა უზრუნველყოფისთვის, აქ ცოტა სხვანაირი გამოთვლა და კალკულაცია სჭირდება.
ყველანაირი კრიტერიუმია გასათვალისწინებელი, ყველა პენსიონერს მისი მოთხოვნა და ხარჯი აქვს. დავუშვათ, მათ კი აქვთ მგზავრობის შეღავათი, მაგრამ იქნებ, ყველას და ყოველთვის არ შეუძლია საზოგადობრივი ტრანსპორტით მგზავრობა და ტაქსის საჭიროება უდგას? ან თუნდაც ინტერნეტი, ზოგს სჭირდება, ზოგს – არა.
ძალიან რთულია რაღაც თანხის დასახელება, მაგრამ ასეთ დროს უნდა ავიღოთ გეზი იქითკენ საითაც გვინდა რომ წავიდეთ. ვგულისხმობს ევროკავშირის საშუალო ქვეყნებს, რომლებიც კავშირში დაახლოებით 20-25 წლის წინ შევიდნენ. ამ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან პენსია 4-5-ჯერ ნაკლებია. საქართველოში დაახლოებით ისეთი პენსია უნდა, როგორიც არის, მაგალითად, ბალტიისპირეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვენიაში და ა.შ. როდესაც გვექნება ისეთი პენსია, როგორიც არის პოსტსოცალისტურ ქვეყნებში, მაშინ შევძლებს იმის თქმას, რომ ყველაფერი ნორმალურადაა და ჩვენი პენსიონერი იქნება უზრუნველყოფილი საშუალო დონეზე”, – ამბობს გივი მომცელიძე.