ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული – ხაზარაძე გერმანიის ელჩისთვის ბინის მიქირავებისას შესაძლო დარღვევაზე

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, „ლელოს“/„ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელი ეხმაურება ბრალდებას მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინის გერმანიის ელჩისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას „საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდებაზე“, რაზეც შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.
„საკითხი ეხება გერმანიის ელჩისა და ჩემი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით“, – წერს მამუკა ხაზარაძე ფეისბუკზე.
„თუმცა, ჩვენ მიერვე წინა კვირას აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრა-არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია“, – აცხადებს ის და განმარტავს:
„ჩვენივე მიმართვის საფუძველზე საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა“.
ამჯერად რას ედავებიან ხაზარაძეს?
შემოსავლების სამსახურმა დღეს დილას, 4 აგვისტოს განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძის ოჯახის [მისი მეუღლის] საკუთრებაში არსებული ბინის საქართველოში გერმანიის ელჩისთვის, პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, საკითხის ანალიზისას გამოვლინდა „შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა“, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა:
„ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები“, – წერია განცხადებაში.
ინფორმაცია, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში ბინას მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს და არ არსებობს „ქირავნობის ხელშეკრულება“ გასული კვირის ბოლოს გავრცელდა.
მათ შორის, ინფორმაციას აქტიურად ავრცელებდა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია „იმედი“.
ხაზარაძის მიმართვა „ოცნების“ წევრებს
მამუკა ხაზარაძე „ს მონა-თუთიყუშებს“ უწოდებს სადავო პარლამენტის წევრებს: ს, თენგიზ შარმანაშვილს, ასევე, ვატო შაქარაშვილსა და ამბობს, რომ მათა და „მათმა პროპაგანდისტულმა მედიამ აღვირახსნილი კამპანია დაიწყეს“ მისი ოჯახის წინააღმდეგ.
„აქვე, მინდა გავახსენო ამ ცრუპენტელებს, რომ ჩემი და ჩემ მიერ შექმნილი კომპანიები ყოველწლიურად ასეულ მილიონ ლარს იხდიან ბიუჯეტში“, – წერს ხაზარაძე და მათ მიმართავს:
„ბევრჯერ მოგმართეთ თქვენც და ბიძინასაც, რომ გამოაქვეყნოს საკუთარი შენატანები ბიუჯეტში და ამავდროულად ჩემიც. ასევე, არ დაგავიწყდეთ მოიკითხოთ ის 400 მილიონი ლარი, რომელიც სულ ახლახანს, იანვარში, ივანიშვილმა ამოუღო ქართველ ხალხს და ბიუჯეტს ჯიბიდან იმ „ოფშორების“ კანონით, რომელიც სპეციალურად მისთვის დაწერეთ“.
· საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს მიიღო „ოფშორების კანონი“, რომელიც 2024 წლის 4 ივნისიდან ამოქმედდა. კანონმა უცხოური საწარმოს ყველა აქტივის (მათ შორის, წილის/აქციის) საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, კომპანია საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ერთჯერადად გაათავისუფლა.
· ხელისუფლების ოპონენტები მაშინ ამბობდნენ, რომ კანონი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ერგებოდა. საკანონმდებლო ცვლილებებს ისინი სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინს უკავშირებდნენ.

მამუკა ხაზარაძე, – თანამოაზრე, მეგობარ და ნათესავ ბადრი ჯაფარიძესთან და სხვა არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ერთად – ახლა ციხეშია.
ის დამნაშავედ ცნეს სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო და პატიმრობა მიუსაჯეს.