„ფინანსური პოლიციის“ განცხადებით, „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ გრანტის სახით გამოყოფილი მილიონობით ლარის ოდენობის ბიუჯეტის თაღლითურად დაუფლებისა და „ფულის გათეთრების“ საქმეზე 2025 წლის ივლისიდან დღემდე 21 ადამიანია პასუხისგებაში მიცემული.
„გამოძიების ამ ეტაპზე უკვე დადასტურებულია ბრალდებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 5 670 793,2 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 3 008 906,67 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის („ფულის გათეთრების“) ფაქტი“, – განაცხადეს დღეს უწყებაში.
სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი. მათგან 14 დაკავებულია, დანარჩენი შვიდის მიმართ კი დაწყებულია „სისხლისსამართლებრივი დევნა“.
გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (არაფორმალურად – „ფინანსური პოლიცია“) აწარმოებს.
- ამ უწყებამ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში დააკავა 13 ადამიანი;
- მათ შორის არიან “სოფლის განვითარების სააგენტოს” პროექტების და ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი და სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი;
- 24 ოქტომბერს კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს; კიდევ შვიდის მიმართ „სისხლისსამართლებრივი დევნა“ დაიწყო;
„ფინანსური პოლიციის“ თანახმად, საქმეზე 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება ჩატარდა, რის შედეგადაც დადგინდა:
- ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა მოიპოვეს „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის“ სახელმწიფო პროგრამით დაინტერესებული 219 ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია;
- მათ შესთავაზეს პროგრამით გათვალისწინებული გრანტის გარანტირებულად მიღება, სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის მოწესრიგება და თანამონაწილეობის თანხით უზრუნველყოფა;
- სანაცვლოდ მათ ბენეფიციარებს მოსთხოვეს და გამოართვეს სააგენტოდან გრანტის სახით ჩარიცხული თანხები.
გამოძიების ვერსიითვე, ბენეფიციარებისათვის „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ გრანტის სახით გამოყოფილი 12 935 750 ლარიდან, პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 824 695 ლარი, ხოლო დანარჩენ 4 111 054 ლარს ორგანიზებული ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
„ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, დამატებით საქართველოს სოფლის განვითარების სააგენტოსგან, კიდევ ერთი პროგრამით – სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს მოწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით მიიღეს საერთო ჯამში 1 559 739 ლარი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“, – წერს გამოძიება.
სწორედ ამ თანხების – 4,1 და 1,56 მილიონი ლარის – ჯამია დასახელებული 5,6 მილიონი ლარი.
„სოფლის განვითარების სააგენტო“ არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურა – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
„დანაშაულებრივი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებულების მიერ დამზადებული და გამოყენებული იქნა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები და აუდიტორული დასკვნები“, – განაცხადეს უწყებაში 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
დანაშაულებრივი გზით მიღებული ამ თანხის „გათეთრების“ მიზნით, „ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა შეიძინეს და მათთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების სახელზე გააფორმეს უძრავი ქონებები და სატრანსპორტო საშუალებები“.
უწყების თანახმადვე, ყველა ეს ქონება სრულად მოიძიეს და დააყადაღეს.
გამოძიება დღევანდელ განცხადებაში არ აზუსტებს, რა პერიოდზეა საუბარი.
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 2017-22 წლებში იყო ლევან დავითაშვილი, რომელიც 2022 წელს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა, 2025 წელს კი პოსტი დატოვა;
- 2022-24 წლებში მინისტრი იყო ოთარ შამუგია;
- 2024 წლის 30 ნოემბრიდან დღემდე მინისტრის პოსტს იკავებს დავით სონღულაშვილი.
საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ გამოძიება „ინტენსიურად გრძელდება“ ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, მათ მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით.




