ბიულეტენზე მყოფ მსახიობი გაათავისუფლეს – ბათუმის თეატრში დაიწყო რეპრესიები, სხვა მსახიობების რიგია

ს თეატრში დაიწყო რეპრესიები“ – წერს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ტიტე კომახიძე და მსახიობ თორნიკე ბარამიძის გათავისუფლების ბრძანებას აქვეყნებს.

ბრძანების მიხედვით, თორნიკე ბარამიძის გათავისუფლების მიზეზი „სპექტაკლებსა და რეპეტიციებზე გამოუცხადებლობა“ გახდა, რის გამოც თეატრი 10 მარტიდან მასთან 2025 წლის 13 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

„მე უფრო ვწუხვარ იმაზე, რაც ჩვენს სახელმწიფოში ხდება, ვიღაც ჩემზე მეტად გამოხატავს ამას, ზოგი დაჭერილია მართლა არაფრის გამო, ისინი არიან საბრალონი, ვიდრე მე,“ – გვითხრა თეატრიდან გათავისუფლებულმა მსახიობმა. მას იურისტებთან კონსულტაცია ჯერ არ გაუვლია და უჭირს იმის თქმა, რამდენად კანონიერია მასთან კონტრაქტის გაუქმება, ან რამდენად შეიძლება ეს უკავშირდებოდეს მის მიერ ღიად დაფიქსირებულ პროევროპულ პოზიციას.

თორნიკე ბარამიძე ბათუმის დრამატული თეატრის დასის საერთო პროტესტის მონაწილე მას შემდეგ გახდა, როცა „ოცნების“ პრემიერმა ევროინტეგრაციის კურსის შეწყვეტის შესახებ ღიად განაცხადა.

მსახიობი გვიყვება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქუთაისში 2025 წლის თებერვალში წავიდა და 23 თებერვლიდან ბიულეტენი გახსნა.

„ქუთაისი ჩემი ქალაქია დ აქ წამოვედი, ბიულეტენი გავხსენი, რომელიც ჯერ არ დამიხურავს, ამ დრომდე გრძელდება მკურნალობა… 25-ში მქონდა რეპეტიცია, 27-შიც ვერ მივედი თეატრში, თუმცა თოვის გამო რეპეტიციაც არ ჩატარებულა,“ – გვიყვება თორნიკე ბარამიძე. – „თეატრს ვაცნობე ჩემი ჯანმრთელობის შესახებ და სამხატვრო ხელმძღვანელს [ნუკრი ქანთარია] ჰქონდა ეს ინფორმაცია, თუმცა მე შესაბამისი ფურცელი წარდგენილი არ მქონია. ალბათ გაუჩნდათ ეჭვები და მე წარმოვადგენ დოკუმენტს,“ – უთხრა თორნიკე ბარამიძემ „ბათუმელებს“.

სთხოვა თუ არა მსახიობს თეატრის ადმინისტრაციამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტის წარდგენა? – თორნიკე ბარამიძე ამბობს, რომ მისთვის ეს არ უთქვამთ.

თორნიკე ბარამიძის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი ირაკლი დევაძე და სამხატვრო ხელმძღვანელი, ნუკრი ქანთარია აწერენ ხელს. ნუკრი ქანთარია სამხატვრო ხელმძღვანელობამდე „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო პარლამენტში.

უკავშირდება ხელშეკრულების შეწყვეტა მსახიობის პროევროპულ პროტესტს? – ნუკრი ქანთარიამ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, ირაკლი დევაძემ კი გვითხრა, რომ არასამუშაო საათებში კითხვას ვერ უპასუხებს.

„არ ვიცი დარწმუნებით ეს პროტესტს უკავშირდება თუ არა,“ – დასძინა თორნიკე ბარამიძემ. – „როცა ყველა გარეთ იყო და ახლაც გრძელდება პროტესტი, მე ვიყავი ამ პროტესტის ნაწილი, როცა ერი რაღაცაზე წუხს, ერის ნაწილი ვარ მეც.“

მსახიობ ტიტე კომახიძისთვის კი ეს ამბავი იმის მთქმელია, რომ „რეპრესიების“ რიგში სხვა მსახიობები არიან. „ფეისბუქში“ მსახიობი ტიტე კომახიძე წერს:

„დღეს მსახიობ თორნიკე ბარამიძეს შეუწყვიტეს ხელშეკრულება მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფო ფურცელი [ბიულეტენი] აქვს გახსნილი. ხვალ კიდე ვიცი სხვა მსახიობის რიგია, მალე ჩემიც. კი ბატონო, ასე იყოს. როგორც თქვენ გადაწყვეტთ თეატრის ვაი ხელმძღვანელობა. დრო ყველაფერს დაალაგებს. ოქროს ვერ დაგპირდებით და ყავისფერი ასოებით კი ჩაეწერებით თეატრის ისტორიაში. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს“.

წყარო