ბირთვული იარაღის განლაგებისთვის ლიეტუვას, შესაძლოა, კონსტიტუციის შესწორება დასჭირდეს
საფრანგეთის ბირთვული შეკავების სისტემის ევროპელ მოკავშირეებზე გავრცელების შესახებ მსჯელობის ფონზე, ლიეტუვას თავდაცვის მინისტრი, დოვილე შაკალიენე აცხადებს, რომ ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსებისთვის, შესაძლოა, კონსტიტუციის შესწორება გახდეს საჭირო.
„თუ ჩვენი მოკავშირეები ლიეტუვაში ბირთვული იარაღის ან მისი კომპონენტების განთავსების რეალისტურ გეგმებს შემოგვთავაზებენ, მაშინ უნდა განვიხილოთ ლიეტუვას რესპუბლიკის კონსტიტუციის 137-ე მუხლის შესწორების შესაძლებლობა, ასევე საჭირო გახდება სხვა ვალდებულებების გადახედვა“, – განაცხადა მან ვილნიუსის სამხედრო აკადემიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ქვეყნის კონსტიტუციის 137-ე მუხლის თანახმად, „ლიეტუვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს მასობრივი განადგურების იარაღი და უცხოური სამხედრო ბაზები“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პარიზი განიხილავს ქვეყნის ბირთვული შეკავების სისტემის გაფართოებას და მისი მოქმედების არეალის ევროპელ პარტნიორებზე გავრცელებას.
მოგვიანებით, ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ მაკრონს ამ წინადადებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ამ იდეის შესახებ მეტი დეტალების მისაწოდებლად, მისი (მაკრონის) მრჩეველი ლიეტუვაში ჩავა.
„ამ მომენტისთვის ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული წინადადებები მოკავშირეებისგან, რადგან ინიციატივას ჯერ მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი აქვს და სხვა რაიმე სახით არ არის ფორმულირებული. თუმცა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი ვარიანტისთვის. ამიტომ, ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის, პოზიცია არის ის, რომ ამ საკითხის უფრო ღრმა განხილვა და შეფასება უნდა დავიწყოთ“, – განაცხადა შაკალიენემ.
„ცხადია, ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია [კონსტიტუციაში] რაიმე ცვლილებების შეტანა, რადგან ეს იქნებოდა ჩვენი მოკავშირეებისთვის წინ გადასწრება, რომლებმაც ეს საკითხი მხოლოდ პოლიტიკური იდეის დონეზე დააყენეს. მაგრამ ჩვენ შეფასებები უნდა გავაკეთოთ და თუ გეგმები წინ წაიწევს, ჩვენი მხრიდან ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – დასძინა მან.
წყარო: 1 არხი
