კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთში ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების შესახებ ბრძანება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის და აშშ-სა და ბრიტანეთის წარმომადგენლების განცხადებებს უკავშირდება.
“თუ მეკითხებით, დასავლეთის წარმომადგენლების რომელ განცხადებებზეა საუბარი, თვალნათელია, რომ საუბარია ბატონ მაკრონისა და ბრიტანეთის წარმომადგენლების განცხადებებზე. როგორც იცით, მათ დაემატათ აშშ-ს სენატის წარმომადგენლებიც, თუ არ ვცდები, რომლებიც საუბრობდნენ უკრაინაში შეიარაღებული კონტინგენტების მზაობაზე და ზრახვაზეც კი”. – თქვა პესკოვმა.
ასე უპასუხა პესკოვმა კითხვას, თუ რომელ საფრთხეებთან დაკავშირებით იგეგმება სწავლებების ჩატარება.
პესკოვის თქმით, აღნიშნული პოლიტიკოსების განცხადებები მიუთითებს, რომ ფაქტობრივად NATO-ს ჯარისკაცების რუს ჯარისკაცებთან პირდაპირი დაპირისპირება სურთ.
“ეს დაძაბულობის ესკალაციის სრულად ახალი დონეა, უპრეცედენტოა და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზომებს საჭიროებს”. – თქვა პესკოვმა.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების ბრძანება გასცა.
ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით სწავლება უახლოეს მომავალში დაიწყება და მასში მონაწილეობას სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო ფორმირებები და სამხედრო-საზღვაო ფლოტი მიიღებენ.
როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სწავლება “დასავლეთის ოფიციალურ პირთა პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარების” პასუხად გაიმართება. განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, კერძოდ რა სახის განცხადებებზეა საუბარი. ასევე, ჯერჯერობით უცნობია სად გაიმართება დაგეგმილი წვრთნები.